“ა” ლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. შესაბამისად, გაირკვა ის 4 გუნდი, რომლებიც პლეი ოფში, ნახევარფინალში დაწყვილდნენ და ბრძოლას სუპერლიგაში გადასასვლელად გააგრძელებენ. მაშ ასე – პირველ ადგილზე გავიდა “თსუ-ჰიუნდაი” და ნახევარფინალში შეხვდება მეოთხეზე გასულ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს. ხოლო მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები – “ტიტები” და “არენა” შეხვდებიან.
დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მე-10, რეგულარული ჩემპიონატის დასკვნით ტურში პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გამსვლელი გუნდების ვინაობა ირკვეოდა. საკვანძო გახლდათ “არენასა” და “ტიტების” დაპირისპირება. გამარჯვების შემთხვევაში, “არნენა” პირველ ადგილზე გადიოდა, თუმცა “ტიტებთან” 1 ქულით – 67:68 დამარცხდა და პირველ ადგილზე “თსუ-ჰიუნდაი” გავიდა.
თსუ-ჰიუნდაელებმა თავის მხრივ საკმაოდ იოლად – 111:74 სძლიეს “წყალტუბოს”, ხოლო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა “თბილისს” 88:70 მოუგო. შესაბამისად – “წყალტუბოს” და “თბილისს” მომავალი სეზონისთვის ლიგაში დასარჩენად საკვალიფიკაციო მატჩებში ბრძოლა დასჭირდებათ. ხოლო წლევანდელი “ა” ლიგის გამარჯვებულის გამოსარკვევად ბრძოლა ნახევარფინალებიდან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ გაგრძელდება. ნახევარფინალური და ფინალური სერიები 2 მოგებამდე იქნება.