“ა” ლიგის რეგულარული დასრულდა – პლეი ოფი 8 აპრილიდან დაიწყება

“ა” ლიგის რეგულარული დასრულდა – პლეი ოფი 8 აპრილიდან დაიწყება

“ა” ლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და 8 აპრილიდან პლეი ოფი დაიწყება. სწორედ პლეი ოფის გამარჯვებული გუნდი მოიპოვებს სუპერლიგის საგზურს, ხოლო ფინალში დამარცხებული სუპერლიგის რეგულარულის ბოლოსწინა ადგილოსანთან ითამაშებს უმაღლესი ლიგის კიდევ ერთი საგზურისთვის. 

“ა” ლიგის ნახევარფინალური წყვილები რეგულარულის დასრულებამდე 2 ტურით ადრე იყო ცნობილი. პირველ ადგილზე გასულმა გთუნიმ ტრადიციას არ უღალატა და რეგულარული ჩემპიონატი წაუგებლად დაასრულა. 10-დან 10 მოგება და “ა” ლიგის დებიუტანტი, რომელიც წინა სეზონში სტუდენტურ ლიგაში თამაშობდა, სუპერლიგაში გადასვლის უპირველესი კანდიდატია. მისი მთავარი კონკურენტი იქნება “კავკასია”, რომელმაც რეგულარულის 10 შეხვედრიდან მხოლოდ 2 სწორედ გთუნისთან წააგო.

რეგულარული ჩემპიონატი 5-5 მოგებით დაასრულეს “ორბმა” და “ასტრალმა”, თუმცა მე-3 ადგილი დაიკავა და შესაბამისად ლიდერ გთუნისთან ნახევარფინალური ჯახი აირიდა “ორბმა”, რომელმაც ურთიერთშეხვედრებში ბურთების მცირედი შეფარდებით აჯობა კონკურენტს. 

ათივე მატჩის წამგებმა “მგზავრებმა”, რომელიც სუპერლიგიდან გასული სეზონის შემდეგ დაქვეითდა, ვარდნა გააგრძელა და “ა” ლიგაში ადგილი დაკარგა. მე-5 ადგილზე გასული “მარგვეთი” კი, რომელმაც ეს სეზონი 4 ლეგიონერითა და შესაბამისად, დიდი ამბიციით დაიწყო, “ა” ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მომავალი სეზონის დაწყების წინ საკვალიფიკაციო რაუნდში იბრძოლებს. მისი მეტოქე იქნება იმ გუნდებს შორის უმჯობესი, რომლებსაც “ა” ლიგაში თამაშის სურვილი ექნებათ, თუმცა მანამდე მთელი 8 თვეა. 

მაშ ასე, “ა” ლიგის პლეი ოფში ნახევარფინალები 8 აპრილს დაიწყება: გთუნი – ასტრალს დაუპირისპირდება, ხოლო კავკასია – ორბს. სერიები 2 მოგებამდე გაგრძელდება. აი, ფინალში კი გამარჯვებული 3 მოგების შედეგად უნდა გამოვლინდეს. 

გთავაზობთ ბოლო ტურის შედეგებსა და სტატისტიკას: 

კავკასია – მარგვეთი 126:67 (სტატისტიკა)
მგზავრები – ასტრალი 83:86 (სტატისტიკა) 
ორბი – გთუნი 89:108 (სტატისტიკა)

პლეი ოფის კალენდარი

2022-04-08 16:15 გთუნი   ასტრალი ოლიმპიური სასახლე B. თბილისი
2022-04-08 18:30 კავკასია   ორბი ოლიმპიური სასახლე B. თბილისი
2022-04-09 16:15 ასტრალი   გთუნი ოლიმპიური სასახლე B. თბილისი
2022-04-09 18:30 ორბი   კავკასია ოლიმპიური სასახლე B. თბილისი

თუ საჭირო გახდა, ნახევარფინალების მე-3 მატჩები გაიმართება 11 აპრილს.