დღეს დაიწყო “ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალური სერია, რომელშიც ერთმანეთს კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის (კსუ) გუნდი და კლუბი “თბილისი” ხვდებიან. შეგახსენებთ, რომ მინიტურნირის გამარჯვებული პირდაპირ მოიპოვებს “ა” ლიგის საგზურს, ხოლო ფინალში დამარცხებულ გუნდს გასული სეზონის აუტსაიდერ სეუ-სთან მოუწევს “ა” ლიგის ბოლო საგზურისთვის ბრძოლა.
ფინალური სერია 2-მატჩიანია. ანუ მთლიანობაში გაიმართება 2 შეხვედრა და მათ ჯამში ვისაც უკეთესი ბურთების შეფარდება ექნება, გამარჯვებულიც ის იქნება. ანუ შესაძლებელია, რომ ფინალური სერიის რომელიმე მატჩი ფრედ დასრულდეს. მთავარია, ორი შეხვედრის ჯამში გამოვლინდეს გამარჯვებული.
პირველი მატჩი დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა და კსუ-ს გამარჯვებით – 85:75 დასრულდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი მეორე მატჩში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ამ უპირატესობას შეინარჩუნებს და 11 ქულით არ დამარცხდება, სერიას და მასთან ერთად “ა” ლიგის საგზურსაც მოიგებს.
მატჩს რაც შეეხება, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მესამე პერიოდში “თბილისმა” 10-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა, მაგრამ უპირატესობა გაანიავა და საბოლოოდ 10 ქულით დამარცხდა. გამარჯვებულებს 28 ქულით რაიან აარონმა ულიდერა, ვასილ კუტალაძემ კი შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი – 15 ქულა და 15 მოხსნა გაიფორმა. “თბილისში” 31 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ლუკა ზაქრაძე.
ფინალური სერიის მეორე მატჩი 18 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში, 19:30 საათზე გაიმართება.