“ა” ლიგის საკვალიფიკაციოს პირველ მატჩში მთიელმა თელავი 26 ქულით დაამარცხა

“ა” ლიგის საკვალიფიკაციოს პირველ მატჩში მთიელმა თელავი 26 ქულით დაამარცხა

სუპერლიგის ქვედა – “ა” ლიგა იანვარში დაიწყება და მასში მონაწილეობას 6 გუნდი მიიღებს, რომელთაგან 5 ცნობილია, ერთი კი საკვალიფიკაციო ტურნირის შედეგად უნდა გამოვლინდეს. ლიგაში ადგილგარანტირებული გუნდები არიან: ვერა, ასტრალი, სოხუმი-საქართველო, ვსა (ვ. სანიკიძის აკადემია) და თსსუ.  ბოლო ადგილისთვის ბრძოლა კი დღეს დაიწყო.

საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ, ორმატჩიან რაუნდში ერთმანეთს თელავის “ბურჯი” და “მთიელი” ხვდებიან. ამათ შორის გამარჯვებული საკვალიფიკაციოს ფინალურ რაუნდში “თბილისი სიტის” შეხვდება. ეს გახლავთ გუნდი, რომელმაც საკვალიფიკაციოს ფინალში თამაშის უფლება “დინამოსგან” მიიღო, რომელმაც “ა” ლიგის წინა სეზონის გათამაშებაში ბოლოსწინა – მე-5 ადგილი დაიკავა და ლიგაში ადგილის შენარჩუნება მართებს. 

“ბურჯს” და “მთიელს” შორის 2-მატჩიანი საპლეიოფო რაუნდის პირველი შეხვედრა დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. ამგვარი საპლეიოფო სერია შეგვიძლია ერთ მთლიან მატჩად მივიჩნიოთ, სადაც პირველი შეხვედრა მთლიანობის ერთი ნაწილია, ხოლო მეორე მატჩი, მეორე ნაწილი. რადგან აქ გამარჯვება 2 მატჩის საერთო ქულებით განისაზღვრება. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა “მთიელმა” პირველივე მატჩი ისე დამაჯერებლად მოიგო, რომ შემდეგ ეტაპზე (საკვალიფიკაციოს ფინალში) გასვლის ჩინებული შანსი აქვს.

შეხვედრის პირველი ნახევარი თელაველებმა მოიგეს – 35:32, თუმცა მეორე ტაიმი რადიკალურად განსხვავებული გამოდგა. “მთიელის” ლეგიონერებმა ადგილობრივების დახმარებით მოახერხეს თამაშის დალაგება, მეტოქის  შეტევებისგან საიმედო დაცვა და შედეგად გალიდერდნენ. დევინ ბუკერისა და ოტას აიეკეკპოლორის მექულეობით მთიელმა მესამე პერიოდი 35:21 მოიგო, 12 ქულით დაწინაურდა და თელაველები წელში გატეხა. ნახსენებ ლეგიონერებს კარგად უბამდა მხარს ბორის თორთლაძე და ფარქვეშ მებრძოლი გიორგი გოგია. ყველა ჩამოთვლილს პასებით ამარაგებდა მთიელის კიდევ ერთი ლეგიონერი, მარკიზ ჯექსონი, რომელმაც 15 ქულასთან ერთად სარეკორდო 16 პასი მიითვალა და ბურთი 4-ჯერ ჩაჭრა.

ბურჯის მწვრთნელი, ნიკა ჩაველაშვილი წუთშესვენებებით ცდილობდა საქმის გამოსწორებას, მაგრამ ბოლო პერიოდში სცენარი არ შეცვლილა. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა გუნდმა ლიდერობა 26 ქულამდე გაზარდა და საბოლოოდ 93:67 (სტატისტიკა) გაიმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ საპასუხო მატჩში თელაველებმა 27 ქულით თუ არ იმარჯვეს, სერიას წააგებენ.

მთიელს აფრიკული ფესვების მქონე კანადელმა, ოტის აიეკეკპოლორმა 30 ქულით, 8 მოხსნით, 3 ჩაჭრით, 2 პასითა და 2  დაფარებით ულიდერა. ბუკერმა 7 სამქულიანი და ჯამში 28 ქულა მიითვალა, ჯექსონის მონაგარი კი ზემოთ აღვნიშნეთ: 15 ქულა, 16 პასი, 5 მოხსნა, 4 ჩაჭრა. თორთლაძემ 10 ქულა მიითვალა, გოგიამ 13 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 4 ქულა. თელაველთა გუნდში 14 ქულით ტაილერ ბრევარდი გამოირჩა, 15 ქულა რაჰიმ სალივანმა მიითვალა. 

სერიის მე-2 მატჩი 18 დეკემბერს, კვლავ ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. თუ მთიელმა მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა, საკვალიფიკაციოს ფინალში გავა, სადაც 2-მატჩიანი სერია “თბილისი სიტისთან” 21 და 24 დეკემბერს ელოდება.