საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

“ა” ლიგის მე-3 ტურში ვერამ, მეგა ბასკეტმა და კავკასიამ იმარჯვეს

“ა” ლიგის მე-3 ტურში ვერამ, მეგა ბასკეტმა და კავკასიამ იმარჯვეს

საკალათბურთო “ა” ლიგის მე-3 ტურს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. პირველ მატჩში ერთმანეთს “თბილისი” და “ვერა” დაუპირისპირდნენ. ვერელები მთავარი მწვრთნელის გარეშე იყვნენ. თმურ კანკიამ პოსტი დატოვა და დროებით მისი ადგილი ასისტენტმა მწვრთნელმა – სანდრო ნიკურაძემ დაიკავა. რომლის დებიუტიც წარმატებული აღმოჩნდა.

მატჩი ვერელების გამარჯვებით – 109:82 დასრულდა. “თბილისის” მოთამაშეები ცდილობდნენ, მაგრამ 4 ლეგიონერით გაძლიერებული გუნდის ძლევა ვერ მოახერხეს. ვერელებს 29 ქულით ბრაისონ სკოტმა ულიდერა. 17-17 ქულა დააგროვეს ბრენდონ სლაიმ და ბერნარდ ნკალიმ. ივან საიჩიჩის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. თბილისელთაგან 33 ქულით საუკეთესო იყო ვასილ ბერუაშვილი. 

თბილისი – ვერა 
სტატისტიკა: 82:109

მეორე შეხვედრა მეტად დაძაბული გამოდგა. “არენა-ორბი” “მეგა ბასკეტთან” მატჩში თავიდან დაწინაურდა და კარგა ხანს ლიდერობდა კიდეც, თუმცა პირველი ნახევრის ბოლოს ვითარება შეიცვალა. “მეგა ბასკეტმა” ლიდერობა მოიპოვა და მესამე პერიოდის 23:7 მოგებით გამარჯვება ფაქტობრივად გაინაღდა. საბოლოოდ “მეგა ბასკეტმა” 10 ქულით – 75:65 იმარჯვა და “ა” ლიგას 3-დან 3 გამარჯვებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდთან ერთად ლიდერობს.

არენა-ორბი – მეგა ბასკეტი
სტატისტიკა: 65:75

კავკასიელებმა თავის მხრივ გასულ ტურში “აფხაზეთი” დაამარცხეს. აფხაზური გუნდი მთავარმა მწვრთნელმა – მარტინას შტამპოვიჩუსმა დატოვა და მის ადგილას გუნდის ცენტრი – სერგო ათუაშვილი მოგვევლინა. მაქსიმუმი, რაც ამ მატჩში “აფხაზეთმა” მოახერხა, პირველი პერიოდის მოგება გახლდათ – 23:22. მეორე ათწუთეულიდან კავკასიელებმა თამაშზე სრული კონტროლი დააწესეს და გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა საბოლოოდ 98:74 იმარჯვა, რაშიც ნიკა მეცხვარიშვილის დამსახურება უდიდესია. ახალგაზრდა მოთამაშემ 21 ქულა მოაგროვა. 17-17 ქულა ჰქონდათ კავკასიელთა ამერიკელ ლეგიონერებს – ანდრე უოლკერს და ვენდელ ლუისს. ორმაგი დუბლი მიითვალა რიჩარდ მათიაშვილმა – 10 ქულა, 10 მოხსნა. “აფხაზეთში” 20 ქულით საუკეთესო იყო ახალწვეული ჯარედ ჯონსონი. 17 ქულა მოაგროვა უჩა გამრეკლიძემ. 

“ა” ლიგის მე-4 ტურის მატჩები 14 თებერვალს გაიმართება. 

კსუ – აფხაზეთი
სტატისტიკა: 98:74