აკადემია საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონი გახდა

აკადემია საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონი გახდა

სტატისტიკაგალერეადასრულდა საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატი, რომლის გამარჯვებულიც დიდი უპირატესობით გახდა საკალათბურთო აკადემიის გუნდი. გია კაზანჯიანის, ალექსა ჯაფარიძისა და დავით ჩარგეიშვილის გაწვრთნილმა აკადემიელებმა ფინალური სერია 2 მატჩის ჯამში 160:97 მოუგეს „მართვეს“ და აღნიშნულ ასაკში საქართველოს საუკეთესო გუნდის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვეს.
აკადემიელებმა ჩემპიონატი ფაქტობრივად წაუგებლად დაასრულეს. რეგულარულ ჩემპიონატში კაზანჯიანის გუნდმა საწყისი 25 შეხვედრა მოიგო, ხოლო ბოლო ტურის შეხვედრის ჩასატარებლად ქუთაისში არ ჩავიდა. ეს მატჩი არც ერთი გუნდისთვის არაფერს წყვეტდა. რეგულარული ჩემპიონატის ბოლოს „აკადემიას“ ბურთების შეფარდება +1107 დაუგროვდა, როცა მეორეზე გასულ „მართვე 2“-ს მხოლოდ +351 ჰქონდა.
სწორედ მართველები შეხვდნენ აკადემიელებს ფინალში, სადამდეც კაზანჯიანის გუნდი წაუგებლად მივიდა, „მართვე 2“-ს კი 2 სამმატჩიანი სერიის გადატანა მოუხდა. ისევე როგორც დანარჩენი სერიები, „აკადემიამ“ ფინალური შეხლაც იოლად მოიგო. პირველი მატჩი 73:47 მოუგო მეტოქეს, ხოლო 11 მაისს გამართულ მეორე შეხვედრაში 87:49 სძლია.
საჩემპიონო მატჩის ბომბარდირი 19 ქულით გიორგი გვიანიძე გახდა, 16 ქულა მიითვალა საბა აკობიან, ხოლო 15 – ნიკა მეცხვარიშვილმა. მეოთხე კალათბურთელი, რომელმაც აკადემიელთაგან საკუთარი მონაგარი ორნიშნა რიცხვით გამოხატა, 12 ქულის მომგროვებელი ოთარ პერტაიაა. ერთადერთი კალათბურთელი, რომელმაც ორმაგ დუბლს უწია, მართველი დაჩი დვალაძეა, რომელმაც 13 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.
მატჩის შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. მეორე ადგილზე გასული „მართვეც“ და ჩემპიონი „აკადემიაც“ ვეტერანმა კალთბურთეოებმა – გივი ბიჭიაშვილმა, ანტონ კაზანჯიანმა და ვალერი ლომაძემ დააჯილდოვეს. მედლებისა და დიპლომ-სიგელების გადაცემის შემდეგ, ცნობილმა ვეტერანებმა საჩემპიონო თასი აკადემიელთა კაპიტან გიორგი ცხოვრებოვს ჩააბარეს.