ბორჯომის ტური სეუ-მ, ფინალური ეტაპის საგზური – ,,ბორჯომმა” მოიგო

ბორჯომის ტური სეუ-მ, ფინალური ეტაპის საგზური – ,,ბორჯომმა” მოიგო

გალერეა საქართველოს ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში დასასრულს უახლოვდება. 18 ივლისს, ,,თბილისი მოლში’’ ქვეყნის საუკეთესო 16 გუნდი შეიკრიბება, რომლებიც საქართველოს ჩემპიონს გამოავლენენ. ფინალამდე 1 შესარჩევი ტური დარჩა, რომელსაც 16 ივლისს რუსთავი უმასპინძლებს.
ბოლოსწინა შესარჩევი ტური ბორჯომში გაიმართა, სადაც, ძირითადად, გორის, ხაშურის და კასპის გუნდებმა მოიყარეს თავი. ბორჯომში ჩავიდა შესარჩევ ტურებთან ერთად მოგზაური სეუ-ც, რომელიც თელავის, გორის, ბათუმისა და ქუთაისის მსგავსად, ბორჯომშიც ჩემპიონი გახდა.
რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთის საუკეთესო გუნდს, რომელიც 18 ივლისს ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს, ეს ბორჯომური ტურის მეოთხედფინალში დამარცხებული  „ბორჯომია“.  საკურორტო ქალაქში მთლიანობაში 9 გუნდი შეიკრიბა, რომლებიც 3 ჯგუფში გადანაწილდა.
ფინალში ერთმანეთს ,,სეუ’’ და კასპის გუნდი ,,გასპერი’’ შეხვდნენ. ბორჯომამდე 4 შესარჩევი ტურის მომგებ სეუ-ს (ზვიად ანთაძე, დათო ეძგვერაძე, ბექა ბექაური, ლაშა ეძგვერაძე) გამარჯვება არ გასჭირვებია – 18:11.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ სეუ-ს წევრი ზვიად ანთაძე დასახელდა, რომელსაც სპეციალური პრიზი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა გიგა გურგენიძემ გადასცა. მეორე ადგილზე გასული გუნდი მედლებით და სიგელებით, ხოლო გამარჯვებული გუნდი სიგელებთან და მედლებთან ერთად საჩემპიონო თასით ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, ანზორ სეპიძემ დააჯილდოვა.
საქართველოს ჩემპიონატის ბოლო შესარჩევი ტური 16 ივლისს რუსთავში გაიმართება.