საქართველოს ეროვნული – „ბ“ ნაკრები, რომელიც წლეულს შეიქმნა, სადებიუტო მატჩებს ჩინეთში გამართავს. დავით უსტიაშვილისა და ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი „ბ“ ნაკრები ჩინური შეკრების ფარგლებში, 1-დან 14 ივლისის ჩათვლით 3 საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას და მთლიანობაში 9 მატჩს ჩაატარებს.
საქართველოს „ბ“ ნაკრები 15 ივნისს შეიკრიბა და ჩინური ტურნესთვის ემზადება. ნაკრებს ოფიციალური მატჩები არ ექნება, რადგან ეს გახლავთ, ეროვნული ნაკრების ეგრედ წოდებული, სარეზერვო გუნდი, სადაც ის მოთამაშეები არიან თავმოყრილნი, რომლებიც ეროვნული გუნდის კანდიდატებად განიხილებიან, მაგრამ ამ ეტაპზე ძირითად ნაკრებში ვერ მოხვდნენ. საიმისოდ, რომ ეს მოთამაშეები მზადყოფნაში იყვნენ და სათამაშო კლასიც აიმაღლონ, კალათბურთის ფედერაციამ „ბ“ ნაკრების შექმნა გადაწყვიტა და ჩინური ტურნეც დაუგეგმა.
საერთაშორისო ტურნირები ჩინეთის პროვინცია ჯიანგსუს 3 ქალაქში – ჩანგშუში, ჟანგჯიაგანგში და ნანტონგში გაიმართება. საქართველოს, ჩინეთისა და პოლონეთის „ბ“ ნაკრებებთან ერთად ტურნირებში მონაწილეობას მიიღებს რუმინეთის ეროვნული გუნდი. ჩამოთვლილი ნაკრებები სამ ქალაქში ცალ-ცალკე ტურნირებს ჩაატარებენ: ჩანგშუში (4-6 ივნისი), ჟანგჯიაგანგში (8-10 ივლისი) და ნანტონგში (12-14 ივლისი).
დღეს, „ბ“ ნაკრებმა სპორტის ახალ სასახლეში ღია ვარჯიში გამართა, რომლის დროსაც მისმა წევრებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს.
დავით უსტიაშვილი (მთავარი მწვრთნელი):
– ამ ნაკრების ჩამოყალიბების მიზანი არის ის, რომ მოთამაშეები, რომლებიც ვერ მოხვდნენ ეროვნულ ნაკრებში, არადა, ამის პოტენციალი გააჩნიათ, რომ არ იყვნენ სათამაშო პრქტიკის გარეშე. სეზონი კარგა ხანია, დასრულებულია და წინ კიდევ დიდი დროა, რის განმავლობაშიც ეს ბიჭები უსაქმოდ არ იქნებიან და შანსი მიეცემათ, მოემზადონ, ფორმაში შევიდნენ და დაამტკიცონ, რომ მათი ადგილი ეროვნულ ნაკრებშია. ჩინეთში საკმაოდ ძლიერ გუნდებს შევხვდებით – რუმინეთის ეროვნული და ჩინეთისა და პოლონეთის „ბ“ ნაკრებები სოლიდური სპარინგ-პარტნიორები არიან და მათთან დაპირისპირებაში ჩვენი ბიჭები საკმაო გამოცდილებას მიიღებენ. მართალია, მოსამზადებლად დიდი დრო არ გვქონდა და არც სპარინგ-მატჩები ჩაგვიტარებია, თუმცა თავად ჩინეთში, სადაც 9 მატჩი უნდა ჩავატაროთ, იმედი მაქვს, გუნდი მოუმატებს.
რევაზ როგავა (უკანახაზელი):
– პირველი წელია, რაც „ბ“ ნაკრები შეიკრიბა, რაც კარგი წამოწყებაა, რადგან არაერთ მოთამაშეს საშუალება აქვს, საერთაშორისო მატჩებში თავი გამოიჩინოს და დაამტკიცოს, რამდენად იმსახურებს ეროვნულ ნაკრებში თამაშს.
გიორგი ჯგერენაია (ფორვარდი):
-მივემგზავრებით ჩინეთში. მოსამზადებელი ეტაპი, სამწუხაროდ არ გვქონდა საკმარისი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადეკვატურ ფორმაში ვართ, რომ შევხვდეთ ამ გამოწვევას.უნდა ჩავატაროთ 3 ტურნირი, რომლებშიც შევხვდებით საკმაოდ ძლიერ გუნდებს. ეს იქნება ჩვენთვის პირველი გამოცდა და ვეცდებით, ღირსეულად შევხვდეთ მას“.