დაძაბული ტურის დრამატული დასასრული: მეგა – ორბი 79:78

დაძაბული ტურის დრამატული დასასრული: მეგა – ორბი 79:78

“ა” ლიგის მე-5 ტური მიმდინარე სეზონში ყველაზე დაძაბული გამოდგა. დღეს ოლიმპიურ სასახლეში გამართული პირველი მატჩი 2-ქულიანი სხვაობით დასრულდა, მეორე – ერთქულიანით, ხოლო ტურის ბოლო შეხვედრაში გუგა პატარაიას გაწვრთნილმა “მეგამ” “ორბს” 79:78 (სტატისტიკა) სძლია. შეხვედრის ბოლო წუთები უაღრესად დრამატული და დაძაბული გამოდგა. შეხვედრა, რომელიც თითქმის მთელი თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, მოულოდნელი ეპიზოდით დასრულდა. 

სამწამიან ზონაში მარტო მყოფმა ორბის ამერიკელმა ლეგიონერმა, არმანი ფლანიგანმა ერთი ხელის გაწვდენაზე მყოფ ფარში სირენის თანხლებით ნასროლი ბურთი ააცილა, რომელიც რომ ჩავარდნილიყო, მისი გუნდი 80:79 გაიმარჯვებდა. ფლანიგანი სავარაუდოდ არ ელოდებოდა, რომ გადამწყვეტი სროლა, თანაც ფარქვეშ მარტო მყოფს მოუწევდა, რადგან მას ბურთი მას შემდეგ ჩაუვარდა ხელთ, რაც მისმა თანაგუნდელმა ჯორდან უოკერმა გადამწყვეტი გარღვევა განახორციელა, მაგრამ ბურთი მეგას ფარს გვარიანად ააცილა, რომელიც ფლანიგანს მიუვიდა და…

არადა, მეგა თამაშის დასრულებამდე 4:30 წუთით ადრე 7 ქულით (74:67) იგებდა, რაც ასეთ თანაბარ მატჩში სოლიდური უპირატესობა გახლდათ. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა ორბის მოთამაშეებმა მაქსიმუმი გაიღეს, ბოლომდე იბრძოლეს და განხორციელებული 11:1 გაქცევის შედეგად 78:75 დაწინაურდნენ. დასრულებამდე 1 წუთით ადრე ასტონ ფრენსისმა სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც ორმხრივი შეცდომების კასკადი წამოვიდა, რაც საფინალო სირენამდე 6 წამით ადრე ორბელი ნიკა ლოლიშვილის ჯარიმით დასრულდა, რომელიც მან მეგას ამერიკელ ლეგიონერ ტრევონდ ბარნსზე აიღო. ბარნსმა პირველი საჯარიმო ჩააგდო, მეგა 79:78 დააწინაურა, ხოლო მეორე გააცუდა. ფარიდან ასხლეტილი ბურთი ჯორდან უოკერმა მოხსნა, მთელი მოედანი გადაკვეთა და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გადამწყვეტი გარღვევა უშედეგოდ განახორციელა, რის შემდეგაც ფლანიგანმა ორბისთვისა და მისი ქომაგებისთვის ძალზედ გულდასაწყვეტი სროლა გააცუდა.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო ბექა ჩიკვილაძე, რომელმაც 22 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. 17 ქულა ჯალენ ბრედლიმ მიითვალა, ხოლო ტრევონდ ბარნსმა და ასტონ ფრენსისმა შეხვედრა 14-14 ქულით დაასრულეს. ორბში 21 ქულითა და 14 მოხსნით დიაგო ქუინი გამოირჩა. 18 ქულა და 10 მოხსნა ჯორდან უოკერმა მიითვალა. ნიკა ლეონიძის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა.

პირველ წრის დასრულებას 1 მატჩი უკლია, რომელიც 18 მარტს გაიმართება: სპორტუნი მეგას წინააღმდეგ.