დიდი სპორტსმენისა და მწვრთნელის იუბილე

დიდი სპორტსმენისა და მწვრთნელის იუბილე

სახელგანთქმულ ქართველ კალათბურთელსა და მწვრთნელს, 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანს, ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელსა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონ ლევან მოსეშვილს 75 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით იუბილარს საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა უმასპინძლა. ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა ლევან მოსეშვილი ოლიმპიური კომიტეტის მედლით, შესაბამისი დიპლომითა და ფულადი პრემიით დაასაჩუქრა. გარდა ამისა, მას გადაეცა ჟურნალისტ პაატა ნაცვლიშვილის ხუთტომეული “ხუთი რგოლი საქართველოსთვის”.
ელგუჯა ბერიშვილმა ისაუბრა იმ დიდი ღვაწლის შესახებ, რომელიც ბატონ ლევანს ქართული სპორტის წინაშე მიუძღვის. სპორტსმენობის წლებში მოპოვებული უმაღლესი ტიტულების გარდა, მან თითქმის 30 წელი თბილისის “დინამოს” მწვრთნელის თანამდებობაზე დაჰყო. მის ხელში დაფრთიანდა კალათბურთელთა არაერთი თაობა.
ლევან მოსეშვილს მიესალმა ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძეც.
,,თქვენს გუნდში მოხვედრა პრესტიჟული იყო. კალათბურთელები თქვენი ხელმძღვანელობით ვარჯიშზე ოცნებობდნენ. ვამაყობ თქვენით!” მიმართა მან იუბილარს.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამსახურებულ მწვრთნელს ფედერაციის სახელით გადასცა სიგელი, ნაკრების სიმბოლური მაისური, წარწერით “მოსეშვილი _ 75” და ორი საგზური ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე, ხორვატიაში.ლევან მოსეშვილს თბილი სიტყვებით მიმართეს ვეტერანმა კალათბურთელებმა ანტონ კაზანჯიანმა, ვალერი ლომაძემ და გივი ბიჭიაშვილმა.დასასრულ, იუბილარმა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს დიდი მადლობა გადაუხადა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
www.geonoc.org.ge