ეროვნული ნაკრების 18-კაციანი გაფართოვებული შემადგენლობა ფედერაციაში გამოცხადდა

ეროვნული ნაკრების 18-კაციანი გაფართოვებული შემადგენლობა ფედერაციაში გამოცხადდა

საქართველოს
ეროვნული ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატისთვის
მზადებას იწყებს. ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 18-კაციანი, გაფართოებული
შემადგენლობა
შეარჩია, საიდანაც მოსამზადებელ
პერიოდში იმ 12 კალათბურთელს
შეარჩევს, რომლითაც საქართველოს ნაკრები ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები შეკრებას 13 ივლისს,
ტრადიციულად თბილისში, ფიზმომზადებით დაიწყებს. 24 ივლისიდან კი სლოვენიის
დაბა პოდჩეტრტეკში გენერალური შეკრება დაიწყება, სადაც თავს ნაკრების სრული
შემადგენლობა მოიყრის. საქართველოს ნაკრები სლოვენიაში 2 ამხანაგურ მატჩს
გამართავს ბოსნიის ნაკრებთან, მთლიანობაში კი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში
10 სპარინგ მატჩს ჩაატარებს თბილისური, ფრანგული და იტალიური ტურნირების
ფარგლებში.
 

 
გაფართოებული შემადგენლობა სლოვენიის შეკრებისა და თბილისის საერთაშორისო ტურნირის პერიოდში გამოიცდება და შეირჩევა ის კალათბურთელები, რომლებიც საფრანგეთსა და იტალიაში, ამხანაგურ ტურნირებზე, შემდეგ კი ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.
 
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში მასპინძელ ხორვატიასთან, საბერძნეთთან, მაკედონიასთან, სლოვენიასთან და ჰოლანდიასთან მოხვდა. ჯგუფიდან პლეი ოფში 4 საუკეთესო ნაკრები გადა. მომდევნო ეტაპზე გასული 16 გუნდი თავს საფრანგეთის ქალაქ ლილში მოიყრის, სადაც 13 სექტემბრიდან ევრობასკეტის მერვედფინალები დაიწყება.
 
 ვლადიმერ ბოისა, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი:
„რამდენი წელია უკვე ნაკრებში ვარ, დიდი გზა გამოვიარეთ, გამოცდილებაც დავაგროვეთ და მინდა თამამად განვაცხადო, რომ ეროვნული ნაკრების ეს მოსამზადებელი გეგმა ჩემი აზრით არის საუკეთესო განვლილ წლებთან შედარებით. შარშანაც იყო გარკვეული შეცდომები, რაც გავაანალიზეთ ერთად ხელმძღვანელობამ, სამწვრთნელო შტაბმა, მოთამაშეებმა და შემუშავდა საკმაოდ მისაღები მოსამზადებელი გეგმა. არის კიდევ ერთი კარგი მომენტი, რაც ჩვენდა სასიხარულოდ დაემთხვა. ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს ვთამაშობთ თბილისის ადგილობრივი დროით 3 საათზე, შემდეგ კი ჯგუფის დარჩენილი ოთხივე მატჩი ერთი და იმავე დროს, 6 საათზე გვექნება. როგორც ყოფილი მოთამაშე, ვიცი რომ ეს არის ძალიან კომფორტული, როცა ასეთი დატვირთული, ყოვედლღიური გრაფიკია და თამაშები ერთი და იმავე დროსაა. ბიჭებიც ჯანმრთელად არიან და ვფიქრობ, ეს ევროპის ჩემპიონატი საუკეთესო იქნება ჩვენს ისტორიაში“.
 კოტე ტუღუში, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი:
„სასიხარულოა, რომ ყველა ის უძლიერესი მოთამაშე, რომლებსაც ბოლო წლების მანძილზე რიგი მიზეზების გამო ვერ ვახერხებდით ვერ ვკრებდით ერთად, ნაკრებში არიან. მიზეზები ძირითადად ტრავმებს უკავშირდებოდა და ახლა საბედნიეროდ ყველა ჯანმრთელადაა და იმედს ვიტოვებ, ევროპის ჩემპიონატის დაწყებისთვის ოპტიმალური შემადგენლობა გვეყოლება. როგორც ბატონმა ვლადიმერ ბოისამ აღნიშნა, თუკი ოპტიმალური შემადგენლობა ბოლომდე შენარჩუნდა, კარგი შანსი გვაქვს, ევროპის ჩემპიონატებზე ჩვენი საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ.
პაატა ლობჟანიძე, ეროვნული ნაკრების გენერალური მენეჯერი:
„ვლადიმერ ბოისას დავეთანხმები, რომ წელს ნაკრების მოსამზადებელი პერიოდი საუკეთესოდ არის დაგეგმილი. მთავარი რა არის – გუნდმა საკმარისი სპარინგ-მატჩები ითამაშოს სოლიდურ მეტოქეებთან და ბევრი მოგზაურობა არ მოუწიოს. გეგმა ისეა შედგენილი, რომ ნაკრების მოთამაშეებს ძალიან მცირე მოგზაურობა უწევთ. იმ ქალაქებს შორის, სადაც სათამაშოდ უნდა ჩავიდეთ, 2-3 საათის სამგზავროა ავტობუსით. ამასთან, პირველად ხდება, რომ ჩვენი მეტოქე ჩამოდის იმ ქალაქში, სადაც ჩვენ ვართ დაბანაკებულნი. ასე მოხდება 5-6 აგვისტოს სლოვენიის კურორტ პოტჩეტრტეკში, სადაც ევროპის ერთ-ერთი ძლიერი ნაკრები, ბოსნია ჩამოვა და 2 ამხანაგურ მატჩს ვითამაშებთ. ძალიან სოლიდური ტურნირები გველის თბილისში, საფრანგეთში და იტალიაში. ვხვდებით ევროპის წამყვან ნაკრებებს – საფრანგეთს, რუსეთს და იტალიას 2-ჯერ. ერთი სიტყვით, ყველა პირობაა შექმნილი, რომ ნაკრებმა წელს მაღალი შედეგი აჩვენოს.