სუპერლიგის და “ა“ ლიგის ჩემპიონატები დასრულდა, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ გასარკვევი დარჩა. „ა“ ლიგის საუკეთესო 2 გუნდს სუპერლიგაში გადასვლის შანსი აქვთ და ჯერი სწორედ საკვალიფიკაციო მატჩებზე მიდგა.
პირველი ლიგის საუკეთესო 2 გუნდი სუპერლიგის ბოლო ადგილოსან გუნდებს ხვდებიან და სერიაში გამარჯვებულები მომავალი სეზონის სუპერლიგაში იასპარეზებენ. სერია 2 მატჩისგან შედგება და მნიშვნელობა თითოეულ ჩაგდებულ ქულას ენიჭება. 2 მატჩის ჯამში რომელ გუნდსაც ბურთების უკეთესი შეფარდება ექნება, გამარჯვებულიც ის იქნება.
გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: „ა“ ლიგის გამარჯვებული არენა-76 სუპერლიგის ბოლოადგილოსან ოლიმპის წინააღმდეგ. მეორეზე გასული წყალტუბო კი სუპერლიგის ბოლოსწინა ადგილზე გასულ სოხუმს დაუპირისპირდება. 28 მაისს გაიმართა სერიის პირველი მატჩები და ორივე შეხვედრაში სუპერლიგელთა გამარჯვება დაფიქსირდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაბალლიგელებმა ღირსეულად და სამაგალითოდ იბრძოლეს.
სპორტკომპლექს „არენაში“ პირველი ლიგის გამარჯვებულმა არენა 76-მა ოლიმპს უმასპინძლა და 8 ქულის სხვაობით – 78:86 დამარცხდა. ნოდარ გოგოძისა და მარკო დუიკოვიჩის შედეგიანობით ოლიმპელებმა შეუპოვრად მებრძოლი არენელები ბოლო წუთებზე გატეხეს. გოგოძემ შეხვედრა 25 ქულით დაასრულა, ხოლო სერბი გოლიათის – მარკო დუიკოვიჩის ანგარიშზე 15 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. საპასუხო მატჩი 30 მაისს კვლავ სპორტკომპლექს არენაში გაიმართება და თუკი ოლიმპმა 8 ქულაზე მეტით არ წააგო, სუპერლიგაში ადგილს შეინარჩუნებს. თუკი არენა 76-მა 8 ქულით იმარჯვა, დამატებითი 5-წუთეული დაინიშნება.
მეორე წყვილში გაცილებით დაძაბული ბრძოლა გაიმართა, რომელიც სუპერლიგელი სოხუმის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა წყალტუბოს შინაურ კედლებში გამარჯვების მოპოვებამდე მცირედი დააკლდა. მეორე პერიოდის ჩაგდების შემდეგ წყალტუბოელები დიდ შესვენებაზე 15-ქულიანი დეფიციტით გავიდნენ, თუმცა უკრაინელი ლეგიონერებისა და გიორგი კუჭავას წყალობით წყალტუბოელებმა ჩამორჩენა აღმოფხვრეს და ბოლო პერიოდში ანგარიშიც გაათანაბრეს.
გადამწყვეტი წუთები დრამატული გამოდგა. სოხუმელებმა ლიდერობის კბილებით შენარჩუნება მოახერხეს და მეორე მატჩს, რომელიც 30 მაისს თბილისში, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება, 3-ქულიანი ჰანდიკაპით ხვდებიან. სოხუმში გამოსარჩევია ირაკლი ჩლაიძის თამაში, რომელმაც 23 ქულა მიითვალა, კამერუნელმა პელე პეილეიმ კი სოხუმელებს 18 ქულა მიაშველა. წყალტუბოელთაგან 24 ქულა, 14 მოხსნა და 8 პასი ალექსანდრ რიხლიუკის ანგარიშზეა, მეორე უკრაინელმა, სერჰი ალფიოროვმა შეხვედრა 22 ქულით და 9 პასით დაასრულა.