გრიფინმა მთიელი დაამარცხა და ასტრალისკენ გაიჭრა

გრიფინმა მთიელი დაამარცხა და ასტრალისკენ გაიჭრა

“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ეტაპი დასრულდა. გასულ სეზონში მე-5 ადგილზე გასულ და “ა” ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლ “ასტრალთან” შესახვედრად 2 ახალი გუნდი იბრძოდა, რომლებმაც ურთიერთობა 2-მატჩიან სერიაში გაარკვიეს. ლაპარაკია კასპის “გრიფინზე” და საკალათბურთო კლუბ “მთიელზე”. ეს უკანასკნელი შარშანაც ცდილობდა “ა” ლიგაში შესვლას და მიზნამდე ძალიან მცირედი დააკლდა. გაგახსენებთ, რომ “მთიელმა” წინა სეზონის დაწყებამდე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი 25 ქულით მოუგო “თელავის ბურჯს”, თუმცა საპასუხო მატჩში ამაზე მეტით დამარცხდა და “ა” ლიგის მიღმა დარჩა.

ამჯერად “მთიელის” მეტოქე კასპის გუნდი იყო, რომელთან პირველი დაპირისპირებაც 13 ქულით დათმო და დღეს გამართულ, საპასუხო დაპირისპირებაში ამ ჩამორჩენის გაბათილება მართებდა. არ გამოვიდა. გიორგი სიმონიშვილის გაწვრთნილმა “გრიფინმა” ამჯერადაც დაამარცხა ზორან ვისიჩის “მთიელი” და საკვალიფიკაციოს შემდეგ და ბოლო ეტაპზე გავიდა. კასპელებმა შეხვედრა ამჯერად 10 ქულით – 93:83 (სტატისტიკა) მოიგეს და “ა” ლიგას 1 ნაბიჯით მიუახლოვდნენ.

“გრიფინს” ამჯერადაც ზებედი გრეჰემმა და მონტეს მატისმა ულიდერეს. ორივემ 25-25 ქულა ჩააგდო და სარგებლიანობის კოეფიციენტიც თანაბარი (27-27) ჰქონდათ. 19 ქულა მიითვალა მე-3 ლეგიონერმა, ელაია ბიუქენენმა, ხოლო აკაკი ლომოურმა თავისი სნაიპერული თვისებები გამოავლინა და შეხვედრა 4 სამქულიანით დაასრულა, რითაც “გრიფინს” ხელი დიდად შეაშველა. 

საკვალიფიკაციოში დარჩა 2 შეხვედრა. კასპში და თბილისში, რომელთა ჯამშიც ის უნდა გაირკვეს, 2024-2025 წლების სეზონის “ა” ლიგაში ისევ “ასტრალი” ითამაშებს თუ მას კასპის “გრიფინი” ჩაანაცვლებს.