გთუნიმ ლიდერობა გაიმყარა, კავკასია გაძლიერდა, ორბი ლეგიონის გარეშე დარჩა

გთუნიმ ლიდერობა გაიმყარა, კავკასია გაძლიერდა, ორბი  ლეგიონის გარეშე დარჩა

დღეს ოლიმპიურ სასახლეში “ა” ლიგის მორიგი ტური გაიმართა. გათამაშების ლიდერმა, რომელიც ლიგის დებიუტანტია, მორიგი გამარჯვება მოიპოვა და პირველობა კიდევ უფრო განიმტკიცა. გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის გუნდი “ა” ლიგაში სტუდენტური ლიგის მოგებით შემოვიდა და პირველივე სეზონში სუპერლიგაში გადასვლას უტევს. დავით ნოზაძის გაწვრთნილ გთუნის 5-დან 5 გამარჯვება აქვს და პირველ ადგილზეა.

ისიც აღსანიშნავია, რომ სუპერლიგაში გადასასვლელად რეგულარული ჩემპიონატის მოგება არ კმარა. მთავარი ბრძოლა პლეი ოფიდან იწყება, სადაც მოედნის უპირატესობას აზრი არ აქვს, რადგან ყველა გუნდის საშინაო არენა ოლიმპიური სასახლეა. აქვე შეგახსენებთ გათამაშების სისტემას: პლეი ოფში 4 საუკეთესო გუნდი გავა და ნახევარფინალში პირველადგილოსანი მე-4-ეს, ხოლო მე-2-ზე გასული მესამეადგილოსანს შეხვდება.

გთუნიმ დამაჯერებელი სხვაობით დაამარცხა “მარგვეთი” – 104:80 (სტატისტიკა). სათქმელია, რომ მარგვეთელებმა სეზონი დიდი ამბიციით დაიწყეს, თუმცა მიმდინარე სეზონში ჯერ 1 გამარჯვებაც ვერ მოიპოვეს. გუნდს თავიდან 4 ლეგიონერი ჰყავდა, დღეს კი გთუნისთან სათამაშოდ მხოლოდ 1 უცხოელით წარსდგა.  “მარგვეთი” სამმა ლეგიონერმა დატოვა – გუნდის ხელმძღვანელთა განცხადებით, მიზეზი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია. იგივე მიზეზით  ლეგიონერების გარეშე დარჩა “ორბიც” და დღეს უშუალო კონკურენტ “ასტრალთან”, რომელსაც პირველ წრეში 5 ქულით მოუგო, 70:74 დამარცხდა. 

ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა ორბელებმა დიდი დანაკლისის მიუხედავად ბოლომდე იბრძოლეს და წარმატების შანსს უკანასკნელ წუთამდე ინარჩუნებდნენ. თავის მხრივ “ასტრალი”ესპანელი მთავარი მწვრთნელის გარეშე თამაშობდა, რომელიც სხვა გუნდების ლეგიონერების მსგავსად სამშობლოში გაემგზავრა. საბოლოოდ “ასტრალმა” მეტოქე 74:70 (სტატისტიკა) დაამარცხა და ცხრილში მე-3 ადგილზე დამკვიდრდა. 

ტურის მე-3 მატჩში ბრძოლა არ შედგა. “მგზავრებს” ლეგიონერები არც თავიდან ჰყოლია და რაც “ა” ლიგა დაიწყო, ყველა შეხვედრა დიდი სხვაობით წააგო. ასე იყო დღესაც – გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ “კავკასიასთან” მატჩში. ბექა წივწივაძის გუნდმა 4 ლეგიონერიდან 1 ჩაანაცვლა და კიდევ უფრო მებრძოლი შემადგენლობა შეკრა. კავკასიელებმა “მგზავრებს” 99:40 (სტატისტიკა) მოუგეს და 6 მატჩიდან 1 წაგებით მეორე ადგილზე არიან.

“ა” ლიგაში მორიგი ტური 9 მარტს გაიმართება.