გთუნიმ მდევარ კავკასიას სძლია და ცხრილში პირველ ადგილზე გამყარდა

გთუნიმ მდევარ კავკასიას სძლია და ცხრილში პირველ ადგილზე გამყარდა

“ა” ლიგის დღევანდელი ტური მნიშვნელოვანი იყო რეგულარული ჩემპიონატის მომავალი პირველადგილოსნის გამოსავლენად. ერთმანეთს 6-დან 6 მოგების მქონე გთუნი და ამდენივე მატჩიდან 1 წაგების მქონე “კავკასია” ხვდებოდნენ. კავკასიელებს რომ სასურველი სხვაობით (+10) რომ მოეგოთ, დარჩენილი მატჩების არწაგების შემთხვევაში რეგულარულს პირველ ადგილზე ასრულებდნენ, ხოლო გთუნის გამარჯვების შემთხვევაში ეს გუნდი პირველ ადგილს ფაქტობრივად ინაღდებდა.

საბოლოოდ ასეც მოხდა: გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის გუნდმა დამაჯერებლად – 91:75 (სტატისტიკა) დაამარცხა “კავკასია” და ცხრილში პირველობა კიდევ უფრო გაიმყარა. პლეი ოფამდე ლიდერი რომ შეიცვალოს, დარჩენილ 3 ტურში გთუნიმ ყველა შეხვედრა უნდა წააგოს, კავკასიელებმა კი სამივე მოიგონ. ეს კი ფაქტობრივად გამორიცხულია, რადგან აქამდე წაუგებლად მოსული გთუნი რომ სამივე შეხვედრას არ წააგებს, როცა ერთ-ერთ მეტოქედ მიმდინარე სეზონში ყველა წაგების მქონე “მგზავრები” ჰყავს, ეს ცხადზე უცხადესია. 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთუნიმ რეგულარული ჩემპიონატის პირველ ადგილზე დასრულება ფაქტობრივად გაინაღდა, თუმცა საბოლოო წარმატების მისაღწევად, რასაც სუპერლიგის საგზურის მოპოვება ჰქვია, პლეი ოფში გამარჯვებაა საჭირო. შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში საუკეთესო 4 გუნდი გადის, ნახევარფინალური სერიები 2 მოგებამდეა, ხოლო ფინალი, რომლის მოგებულიც სუპერლიგაში გადავა, 3 მოგებამდე გაგრძელდება.

ტურის დანარჩენი 2 მატჩი საინტერესოდა წარიმართა. “მგზავრებმა” სოლიდური წინააღმდეგობა გაუწია ლეგიონერების გარეშე დარჩენილსა და შესაბამისად, სუპერლიგაში აღზევების შანსშემცირებულ “ორბს”. მატჩის ბედი ბოლო წუთებამდე გაურკვეველი იყო, თუმცა საბოლოოდ “ორბის” მოთამაშეებმა მოახერხეს გამარჯვების მოპოვება (85:77)  და 3-3 მოგებ-წაგებით მე-4 ადგილი შეინარჩუნეს.

მესამე შეხვედრაში “ასტრალმა” ულეგიონეროდ დარჩენილ “მარგვეთს” 102:88 (სტატისტიკა) მოუგო და მე-3 ადგილზე დარჩა. “კავკასიასთან” ერთად “ასტრალი” პლეი ოფში გთუნის კონკურენტი იქნება სუპერლიგაში გადასასვლელად.