გთუნის დაუმარცხებელი სვლა გრძელდება – კავკასიამ ორბს მოუგო

გთუნის დაუმარცხებელი სვლა გრძელდება – კავკასიამ ორბს მოუგო

“ა” ლიგის გათამაშების მორიგ ტურს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. გათამაშების ლიდერმა გთუნიმ (გრიგოლ თავართქილაძის უნივერსიტეტი) ერთ-ერთი კონკურენტი “ასტრალი” დაამარცხა და 6-დან 6 მოგებით კვლავ ერთპიროვნული ლიდერია. დავით ნოზაძის გაწვრთნილ გუნდს ბევრი აღარ დარჩა, რომ რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულოს, რის შემდეგაც სუპერლიგაში გადასასვლელი გადამწყვეტი ბროლა პლეი ოფიდან დაეწყება.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. “ასტრალი” დისკვალიფიცირებული ჯაბარი მაკგის გარეშე თამაშობდა, რომელიც წინა შეხვედრაში მოედანზე მომხდარი კონფლიქტის გამო გააძევეს. 2 ლეგიონერით დარჩენილმა ასტრალელებმა მაინც დიდი ბრძოლა გაუმართეს გათამაშების ლიდერს და მატჩის უმეტეს დროს ლიდერობდნენ, თუმცა დასკვნით პერიოდში გთუნი-ს მოთამაშეებმა უპირატესობა მოიპოვეს და თამაში სასურველ შედეგამდე მიიყვანეს. 

საბოლოოდ თავართქილაძის უნივერსიტეტმა 94:88 (სტატისტიკა) იმარჯვა, რაშიც ლომის წილი სეტ სვალვემ დაიდო – 27 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი. 19-19 ქულა ერიკ ფრედერიკმა და კოლინ ტერნერმა მიითვალეს. ასტრალში 21 ქულით საუკეთესო იყო ევან ჰინსონი, ვასილ კუტალაძემ კი თავი 14 ქულას მოუყარა. 

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის მომსახურე არბიტრთა ბრიგადა მთლიანად ქალბატონებით იყო დაკომპლექტებული, რაც სუპერლიგის და “ა” ლიგის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. შეხვედრას მაკა კუპატაძე, მაკა შალამბერიძე და ნათია ფუტკარაძე მოემსახურნენ, რომლებმაც საკმაოდ დაძაბულად მიმდინარე შეხვედრის მსაჯობას თავი ჩინებულად გაართვეს. 

პირველი გამარჯვება მიითვალა “მარგვეთმა”. გუნდს, რომელსაც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო 3 ლეგიონერი დაემშვიდობა, ამბიცია გამოეცალა და მისი მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება, ისევე როგორც “მგზავრების”. სწორედ ამ ორ გუნდს არ ჰქონდა მიმდინარე სეზონში გამარჯვება მოპოვებული და ერთმანეთთან დაპირისპირებაში “მარგვეთმა” იმარჯვა – 116:71 (სტატისტიკა)

მეორე მატჩია, ძალიან შედეგიანია დავით დეკანოიძე. წინა შეხვედრაში ასტრალთან მან 38 ქულა ჩააგდო, ამჯერად თავი 36-ს მოუყარა. მისმა შედეგიანობამ “მარგვეთს” მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ამ მატჩის მოსაგებად. 20 ქულით დაასრულა შეხვედრა მარგვეთელთა გუნდში დარჩენილმა ერთადერთმა ლეგიონერმა – აიზია ლუისმა. “მგზავრებში” 18 ქულით საუკეთესო იყო ვლადიმერ ალავიძე.

ტურის ბოლო მატჩში “ორბი” გმირულად ებრძოლა “კავკასიას” მთელი შეხვედრის მანძილზე ხან გაუსწრებდა, ხან ოდნავ ჩამორჩებოდა, თუმცა ბოლოს ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კავკასიელებმა მაინც თავისი გაიტანეს და 10 ქულის სხვაობით – 75:65 (სტატისტიკა) იმარჯვეს. საქმე ისაა, რომ “ორბს” ორივე ამერიკელი ლეგიონერი წაუვიდა, რის გამოც “ა” ლიგის ერთ-ერთ ფავორიტს სუპერლიგაში გადასასვლელად მნიშვნელოვანი ძალები მოაკლდა. 

კავკასიელთაგან 18 ქულით ლევან გოგიჩაიშვილი გამოირჩა. 17 ქულა ჰქონდა მარკიზ მეიფილდს. 13 ქულით დაასრულა შეხვედრა მაიკლ ბალოგანმა. “ორბში” 18 ქულით საუკეთესო იყო სერგი ნინუა. 11 ქულა და 10 მოხსნა ირაკლი ბეშქენაძის ანგარიშზეა.

“ა” ლიგის მორიგი ტურის მატჩები 13 მარტს გაიმართება.