საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბერძენმა სპეციალისტმა, ილიას ზუროსმა ბარძაყის ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც ის საკლუბო საქამიანობას ჩამოშორდა და მონგენეგროს „ბუდუჩნოსტი“ დატოვა. ოპერაციის გაკეთება ზუროსმა თავისი კლუბის ხემძღვანელობასთან შეთანხმებით, მას მერე გადაწყვიტა, რაც „ბუდუჩნოსტმა“ ევროტურნირებზე გამოსვლა დაასრულა და ასპარეზად მხოლოდ იოლად მოსაგები მონტენეგროს ჩემპიონატი დარჩა, სადაც გუნდი პირველობამდე ზუროსის თანაშემწე იგორ ძალეტიჩმა მიიყვანა. გუშინ „ბუდუჩნოსტმა“ ფინალური სერიის მე-5 გადამწყვეტი მატჩი მოუგო „მონმარს“ და მონტენეგროს ჩემპიონი გახდა. ჩვენ კი ილიას ზუროსს დავუკავშირდით – ჩემპიონობა მივულოცეთ, ჯანმრთელობის ამბები გამოვკითხეთ და მომავალზე გავესაუბრეთ.
– გილოცავთ ჩემპიონობას…
– მადლობა. კარგი იყო, გუნდთან ვყოფილიყავი, მაგრამ ჯანმრთელობის გამო მომიწია „ბუდუჩნოსტის“ სამწვრთნელო საქმიანობასთან დაშორება. დრო სპეციალურად, გუნდის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით შევარჩიე. ოპერაციის გაკეთებას ისეთი პერიოდი დავამთხვიე, რომ არც კლუბში დაზარალებულიყო საქმე და მწყობრშიც დროულად ჩავმდგარიყავი და საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებას რეაბილიტირებული შევხვედრილიყავი. ოპერაცია მას მერე გავიკეთე, რაც ევროტურნირებში ასპარეზობა დავასრულეთ. შემდეგ „ბუდუჩნოსტმა“ შიდა ჩემპიონატში გადაინაცვლა და დღეს ჩემპიონიც გახდა, რისი მიღწევაც კარგად მოახერხა ჩემმა ასისტენტმა.
– დაგეგმილმა ოპერაციამ როგორ ჩაიარა და რეაბილიტაციის პროცესი როგორ მიმდინარეობს?
– ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ოპერაციის შემდეგ 2 კვირაზე მეტი გავიდა და თავს მშვენივრად ვგრძნობ. რეაბილიტაციას სახლში გავდივარ. ვისვენებ და ველოდები პერიოდს, როცა აქტიურ რეჟიმში გადავალ.
– დაახლოებით როდის იქნებით სამუშაოდ სრულ მზადყოფნაში?
– 1 თვეში სრულ მზადყოფნაში ვიქნები და შესაბამისად, მას მერე გადავწყვეტ ჩემს საკლუბო კარიერის მომავალს. „ბუდუჩნოსტის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ მე არ ვჩქარობ. საკლუბო ტურნირები ევროპაში სრულდება და ჯერ დრო არის. მანამდე ეროვნული ნაკრების დიდი ბატალიები გველის.
– საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებას ჯანმრთელობის მხრივ სრულ მზადყოფნაში შეხვდებით…
– დიახ, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა და ამის საშიშროება არც არსებობს, ივნისის დასაწყისში სრულ მზადყოფნაში ვიქნები. საქართველოს ნაკრების შეკრება კი ივლისის შუა რიცხვებში იწყება, თუმცა ჩემს გუნდს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა. მე ყოველდღიური კავშირი მაქვს ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელ გიორგის ვავეცისთნ, რომელთანაც ინფორმაციას ვცვლი და მომავალ ნაბიჯებს ვგეგმავთ საქართველოს ნაკრების წევრებთან დაკავშირებით. ხშირად ვესაუბრები ნაკრების ლეგიონერებს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, ნაკრების გენერალურ მენეჯერს და არა მარტო მათ. მომავალი კვირიდან დავუკავშირდები ქართული კლუბების მწვრთნელებს და მათთან ნაკრების მომავალ, შესაძლო კანდიდატებზე ვისაუბრებ.
– აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაკრებში საქართველოს სუპერლიგიდან ახალი სახეები გამოჩნდება?
– ერთი, რისი თქმაც ამ ეტაპზე შეიძლება, ისაა, რომ შეუმჩნეველი არავინ დარჩება და ყველას მიეცემა შანსი, ვინც ამას იმსახურებს. მე და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩემი გუნდის წევრები ყველას ვაკვირდებით – იქნება ეს საქართველოს ჩემპიონატში თუ საზღვარგარეთ. გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება ნაკრებში გამოძახებული და იქნებიან თუ არა, ახალი სახეები, მოგვიანებით მივიღებთ.
– მოახერხებს თუ არა საქართველოს ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობის თავმოყრას?
– ჩვენი მიზანიც ეგ გახლავთ, რომ ნაკრების ყველა კანდიდატი შევკრიბოთ და ევროპის ჩემპიონატისთვის მაქიმალურად კარგად მოვამზადოთ. ყევლაზე მეტი საფიქრალი ამ ეტაპზე მანუჩარ მარკოიშვილისა და ვიქტორ სანიკიძის მისამართით გვაქვს, თუმცა საქმეები კარგად მიდის. მძიმე ტრავმების შემდეგ ამ მოთამაშეებმა ვარჯიში განაახლეს და დღითი-დღე ფორმას იბრუნებენ. იმედს ვიტოვებ, შეკრების პირველივე დღიდან ისინი სრულ მზადყოფნაში იქნებიან.
– ნაკრების მოსამზადებელ გეგმაზე რას გვეტყვით?
– მოსამზადებელი გეგმა ფედერაციისა და სამწვრთნელო შტაბის ერთობლივი, პროფესიონალური მუშაობის შედეგად ევრობასკეტის კენჭისყრამდე შედგა. ყველაფერი კარგად გათვლილი და დაგეგმილია. მთავარია, გუნდის წევრები ჯანმრთელად შეხვდნენ შეკრებას და წვრთნის პროცესში უსიამოვნო ტრავმებმა არ შეგვაწუხოს.
– კენჭისყრის შემდეგ ჩვენს არაერთ მეტოქე გუნდში მოხვდა გარკვეული ცვლილებები და თქვენი აზრი, ფავორიტებისა თუ აუტსაიდერთა ამპლუები ხომ არ შეიცვალა?
– გავიმეორებ კენჭისყრის შემდეგ ნათქვამ სიტყვებს: ფავორიტი, ძლიერი, ან სუსტი გუნდი ევრობასკეტზე არ არსებობს. ყველა, ვინც ფინალურ ეტაპზე მოხვდა, სახიფათოა და შესწევს ძალა, ნებისმიერ გუნდს მოუგოს. მთავარი აქ ისაა, თუ როგორი ფორმაში შევხვდებით ევროპის ჩემპიონატს. იმის იმედად ვერ ვიქნებით, თუ რა ცვლილებები მოხდება მეტოქე გუნდებში. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ – ვივარჯიშოთ, ვიშრომოთ, ტრავმირებულებს ვუმკურნალოთ და ფორმაში ჩავაყენოთ. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ და როცა ევრობასკეტს ჯანმრთელად და კარგად შეთამაშებულები შევხვდებით, მაშინ შეიძლება იმედიანად ყოფნა. ამ ეტაპზე რეალურად ვერავინ დაასახელებს ვერც ფავორიტს და ვერც აუტსაიდერს.