ივერიონმა კონკურენტ თელავს დიდი სხვაობით მოუგო და “ა” ლიგისკენ დაიძრა

ივერიონმა კონკურენტ თელავს დიდი სხვაობით მოუგო და “ა” ლიგისკენ დაიძრა

სუპერლიგის ერთი საფეხურით დაბლა მდგომი – “ა” ლიგა საკვალიფიკაციო ეტაპით დაიწყო. სანამ “ა” ლიგის რეგულარული ჩემპიონატი დაიწყებოდეს, იმართება საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელშიც ლიგაში მოხვედრის მსურველი გუნდები იბრძვიან.  “ა” ლიგაში შესვლის მსურველი 3 გუნდია – გორის ივერიონი, თელავის ბურჯი და თბილისის საიბერი (Cyber), რომლებსაც ემატებათ სოხუმის “კოლხა მარგვეთი”. ეს უკანასკნელი “ა” ლიგაში წინა სეზონში ასპარეზობდა და რადგან მე-5 ადგილი დაიკავა, ლიგაში ადგილის შენარჩუნება უწევს.შესაბამისად, ზემოთაღნიშნული 3 გუნდი საუკეთესოს რომ გამოავლენს, შემდეგ გაიმართება “ა” ლიგაში შესასვლელი ფინალური რაუნდი, რომელშიც სოხუმის “მარგვეთი” ივერიონს, ბურჯსა და საიბერი შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

სწორედ ამ სამი გუნდის საკვალიფიკაციო ჯგუფის თამაშები დაიწყო დღეს. გათამაშების ფორმატის მიხედვით, ივერიონი, ბურჯი და საიბერი ჯგუფში 2 წრედ ითამაშებენ და შედეგად რომელიც პირველ ადგილს დაიკავებს, სოხუმის “კოლხა მარგვეთსაც” ის დაუპირისპირდება. დღეს პირველი ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს 2 მთავარი პრეტენდენტი, გორის ივერიონი და თელავის ბურჯი დაუპირისპირდა. საკვალიფიკაციო ჯგუფის მესამე წევრი, საიბერი, სამოყვარულო გუნდია და “ა” ლიგაში შესასვლელ ბრძოლაში სავარაუდოდ ვერ შევა. 

თელავური და გორის გუნდები კი “ა” ლიგაში შესასვლელად დიდი ხანია ემზადებიან და შემადგენლობა ლეგიონერებით ჰყავთ გაძლიერებულნი. გორელებს 3, თელაველებს კი 4 უცხოელი მოთამაშე ჰყავთ ჩამოყვანილი, თუმცა მათ დღევანდელ შერკინებაში ნაკლები ლეგიონერის მყოლმა გუნდმა გაიმარჯვა. ივერიონმა მესამე პერიოდში გატეხა ბურჯის წინააღმდეგობა და საბოლოოდ დიდი სხვაობით – 102:71 (სტატისტიკა) გაიმარჯვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გორელებმა ფაქტობრივად გაინაღდეს 3-გუნდიან ჯგუფში პირველი ადგილი. მეორე წრის მატჩში მათ 30 ქულაზე მეტით არ უნდა წააგონ თელაველებთან და დიდი ალბათობით პირველ ადგილზე გავლენ, რადგან ჯგუფის მე-3 წევრის, საიბერის დამარცხება დიდი ალბათობით არც ივერიონს გაუჭირდება და არც – ბურჯს. 

ლეგიონერებთან ერთად ივერიონის გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდეს ქართველებმა. გორელების სტრატეგიაც უფრო გამართლებულია, რომლებმაც 3 ლეგიონერი ჩამოიყვანეს და ეცადნენ, გუნდი შეძლებისდაგვარად ძლიერი ქართველი კალათბურთელებით შეევსოთ. თელაველებს კი 4 უცხოელი ჰყავთ, რომლებიც იმდენად ძლიერები ვერ აღმოჩდნენ, რომ ივერიონის შეკრულ-შეთამაშებული გუნდისთვის ეჯობნათ.

“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგი მატჩი ხვალ, 13 დეკემბერს გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ბურჯი და საიბერი შეხვდებიან.