“ა” ლიგის ორმატჩიანი საკვალიფიკაციო რაუნდი გორელთა დამაჯერებელი გამარჯვებით გაიხსნა. დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა ივერიონმა დამაჯერებლად – 91:75 (სტატისტიკა) დაამარცხა ზესტაფონის “მარგვეთი” და “ა” ლიგაში ცალი ფეხით შეაბიჯა. 29 დეკემბერს, სერიის მეორე მატჩი გაიმართება და თუ გორელები 16 ქულით არ წააგებენ, “ა” ლიგაში გადავლენ.
ამ თამაშით, რაც დღეს აჩვენეს, გორელები მეორე მატჩსაც მოიგებენ. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ჯაკობოვის გუნდი ფავორიტია და თუკი დიდი მოულოდნელობა არ მოხდა, “ა” ლიგას ახალი წევრი ეყოლება. გორელები 3 წელია, ცდილობენ “ა” ლიგაში შესვლას, თუმცა ეს აქამდე ვერც ერთ ჯერზე ვერ გამოუვიდათ. გორელი ბიზნესმენისა და შიდა ქართლის რეგიონში კალათბურთის დიდი მხარდამჭერის, ილია ჯოლბორდის ძალისხმევით ამ სეზონში ივერიონმა მზადება ზაფხულიდან დაიწყო. გუნდში საკმაოდ მარჯვე ქართველებთან ერთად სოლიდური ლეგიონერები შეიკრიბნენ და სანამ “ა” ლიგის საკვალიფიკაციო მატჩები დაიწყებოდა, გორელებმა არაერთი სპარინგ-მატჩი გამართეს და თვეების მანძილზე ინტენსიურად ემზადებოდნენ.
ამ შრომისა და მონდომების შედეგი დღევანდელ მატჩში, უფრო სწორად, შეხვედრის მეორე ნახევარში ნათლად გამოჩნდა. პირველი ტაიმის 7 ქულით წაგების შემდეგ გორელებმა დიდებული მეორე ტაიმი ჩაატარეს, რომელშიც ჩამორჩენა ხომ აღმოფხვრეს, საბოლოოდ 16 ქულით გაიმარჯვეს და დასახული ამოცანა ლამის მეორე მატჩამდე შეასრულეს. ივერიონმა საკვალიფიკაციო 3 ლეგიონერით დაიწყო, თუმცა პირველივე მატჩში ერთ-ერთი ამერიკელი, დევონ კოლი გამოაკლდა. დარჩენილი 2 უცხოელი ვერაფერს გახდებოდა, რომ არა ადგილობრივი მოთამაშეების სიმარჯვე და მონდომება. ჯერმეინ ჰედსა და აიზია ლუისს ქართველი კალათბურთელები დიდად დაეხმარნენ და ერთიანი, დალაგებული გარჯით ივერიონმა მარგვეთს ყველა კომპონენტში აჯობა.
აშკარა იყო პრინციპი, რის ხარჯზეც გორის გუნდმა ზესტაფონისას აჯობა: გუნდური, კომბინაციური თამაში. სანამ მარგვეთის ამერიკელებს ინდივიდუალური თამაში მისდიოდათ, ზესტაფონელებს არაფერი უჭირდათ, თუმცა დიდ შესვენებაზე გორელებმა სწორი დასკვნები გააკეთეს, ტაქტიკა შეცვალეს და მოედანზე ვითარება კარდინალურად შეიცვალა. მჭიდრო, პერსონალურმა დაცვამ მარგვეთის ლეგიონერები რიტმიდან ამოაგდო, შეტევაში ივერიონს იღბალმაც შეაშველა ხელი – არაერთი სამქულიანი ჩააგდეს და პერიოდის 30:12 მოგების შემდეგ ბოლო ათწუთეულის წინ 11 ქულით დაწინაურდნენ.
მარგვეთის მწვრთნელები – მამუკა ტურაშვილი და ვაჟა კვარაცხელია ბევრს ეცადნენ, შანსი ახალგაზრდებსაც მისცეს, მაგრამ თამაშის დინამიკა სათავისოდ ვეღარ შეცვალეს. საბოლოოდ ივერიონი დამსახურებულ გამარჯვებამდე მივიდა და სერიის საპასუხო მატჩის წინ კომფორტული, 16-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა. გორელებს ჯერმეინ ჰედმა ულიდერა, რომელმაც 23 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. 24 ქულა აიზია ლუისმა მოაგროვა, ლუკა გიორგაძემ და მამუკა ბაზუაშვილმა შეხვედრა 11-11 ქულით დაასრულეს. 10 ქულა ტარიელ არაბულის ანგარიშზე დაგროვდა. მარგვეთში 24 ქულა ჰქონდა ვიქტორ ლუისს, ლარი რობინსონმა პირად ანგარიშზე 22 ქულა ჩაიწერა.
საკვალიფიკაციო სერიის მეორე მატჩი, რის შემდეგაც “ა” ლიგის საგზურის მფლობელი ოფიციალურად გამოვლინდება, 29 დეკემბერს, 15:30 საათზე გაიმართება.