Junior NBA – GBF ქუთასელთა გამარჯვებით და შთამბეჭდავი დაჯილდოვებით დასრულდა

Junior NBA – GBF ქუთასელთა გამარჯვებით და შთამბეჭდავი დაჯილდოვებით დასრულდა

გალერეადასრულდა Junior NBA – GBF ლიგის პირველი გათამაშება. ტურნირი, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, ორგანიზება საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ, საქართველოში ამერიკის საელჩომ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობის ბიურომ, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის Junior Nba-ს განყოფილებამ და ნბა-ს ევროპის ოფისმა გაუწიეს.
ტურნირი ამერიკის პროფესიული საკალათბურთო ლიგის ანალოგიურად ჩატარდა და მასში 30-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც თავდაპირველი კენჭისყრის შედეგად ნბა-ს გუნდების სახელები მიენიჭათ. მონაწილეობის მსურველი 51 გუნდი აღმოჩნდა და  ამიტომ საკვალიფიკაციო ეტაპის ჩატარება გახდა საჭირო.
როგორც ამერიკის პროფესიულ ლიგაში, Junior NBA – GBF-ის მონაწილენი 6 დივიზიონში გადანაწილდნენ. თელავში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, რუსთავსა და თბილისში ჩატარებული დივიზიონის მატჩების შედეგად პლეი ოფის 16 მონაწილე შეირჩა. დასავლეთ კონფერენციის 8 საუკეთესო ქუთაისში შეიკრიბა, ხოლო აღმოსავლეთის – თბილისში. გამართული საპლეიოფო მატჩების შემდედ ორივე კონფერენციის 2 საუკეთესო გუნდი გამოვლინდა, რომლებიც ოთხთა ფინალის სათამაშოდ თბილისში შეიკრიბნენ. 

დასავლეთ კონფერენციის ფინალში ქუთაისის გუნდმა, რომელიც „გოლდენ სტეიტს“ წარმოადგენდა, „დალას მავერიკსის“ სახელით მოასპარეზე აჭარის ნაკრები დაამარცხა. აღმოსავლეთ კონფერენცია „ფილადელფიამ“ (ჰიუნდაი) მოიგო, რომელმაც „კლივლენდის“ სახელით მოასპარეზე რუსთაველებს მოუგო.
კონფერენციათა გამარჯვებულები კი 25 ივნისს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დიდ ფინალში შეხვდნენ, მანამდე კი მე-3 ადგილისთვის მატჩი გაიმართა, რომელშიც „კლივლენდმა“ „დალასს“ სძლია. სპეციალურად Junior NBA – GBF-ის ფინალზე დასასწრებად მოწვეულ იყვნენ ნბა-ს და ქალთა ნბა-ს მოთამაშეები, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სპორტის დესპანები – ჟარკო ჩაბარკაპა და კალანა გრინი, რომლებმაც ფინალურ მატჩამდე ნბა-ს წარმომადგენლებთან – ტროი ჯასტისთან და ვანია ჩერნოვეცთან ერთად ტურნირის მონაწილე 100-ამდე ბავშვს საკალათბურთო კემპი ჩაუტარეს. კემპში ამერიკელებთან ერთად ქართველი მწვრთნელებიც მონაწილეობდნენ.
ფინალური მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ ქუთაისელებმა უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ დამაჯერებელი სხვაობით აჯობეს ჰიუნდაის. შესაბამისად, პირველი Junior NBA – GBF-ის გამარჯვებული „გოლდენ სტეიტი“ გახდა.
 დაჯილდოვების ცერემონიალში ოთხთა ფინალის ოთხივე გუნდმა მიიღო მონაწილეობა. გუნდებსა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ნბა-ს საერთაშორისო მიმართულებების დირექტორი ტროი ჯასტისი და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი მიესალმნენ, რის შემდეგაც ფედერაციის პრეზიდენტმა ამერიკის საელჩოს ხელმძღვანელს მადლიერებისა და საიმედო პარტნიორობის ნიშნად საგანგებო პრიზი გადასცა.

გამორჩეული მოთამაშეების დაჯილდოვება
ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა – მანუჩარ მარკოიშვილმა, დუდა სანაძემ, ბექა ბურჯანაძემ და ნიკა მეტრეველმა ოთხთა ფინალის გამორჩეულ მოთამაშეებს საკუთარი და ასევე ნაკრების სხვა წევრთა სათამაშო მაისურები გადასცეს. მაისურებთან ერთად გამომცემლობა „პალიტრას“ მიერ დაწესებული საბავშვო წიგნები შემდეგმა მოთამაშეებმა დაიმსახურეს:

ლევან ტურაშვილი, ანდრია ცერცვაძე (რუსთავი), ალეკო ვახტანგაძე, გიორგი სულაბერიძე და ცოტნე ვაშაყმაძე ( ქუთაისი), მიშო დაბრუნდაშვილი, ჯორჯ ტაბატაძე (ჰიუნდაი), ნიკა კინწურაშვილი და გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი). 

დალას მავერიკსის დაჯილდოვება

ოთხთა ფინალში გასული, თუმცა ორივე მატჩის წამგები ბათუმური გუნდი, რომელიც ტურნირში „დალას მავერიკსის“ სახელით ასპარეზონდა, სიგელებით საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა მანუჩარ მარკოიშვილმა, დუდა სანაძემ, ბექა ბურჯანაძემ და ნიკა მეტრეველმა დააჯილდოვეს.
 
კლივლენდ კავალერსის დაჯილდოვება

მესამე ადგილზე გასული რუსთავული გუნდის მოთამაშეებს სპეციალური ბრინჯაოს მედლები ნბა-ს საერთაშორისო მიმართულებების დირექტორმა ტროი ჯასტისმა და ნბა-ს ევროპის კალათბურთის ოპერაციების მენეჯერმა ვანია ჩერნოვიცმა გადასცეს.

ფილადელფია სიქსერსის დაჯილდოვება

ჰიუნდაის გუნდის მოთამაშეები და მწვრთნელები ვერცხლის მედლებით სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერიმ და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ დააჯილდოვეს.

გოლდენ სტეიტის დაჯილდოვება

ქუთაისურმა გუნდმა Junior NBA – GBF-ის დღეს დასრულებული სეზონის ათივე მატჩი მოიგო და ღირსეული ჩემპიონი გახდა. როგორც ამერიკის პროფესიულ ლიგაშია, ჩემპიონოებმა საგანგებოდ დამზადებული ბეჭდები მიიღეს. საჩემპიონო ბეჭდები გოლდენ სტეიტის გუნდის წევრებს გაბრიჩიძემ, ბერლინერიმ და გოგოლაძემ გადასცეს.

MVP

Junior NBA – GBF-ის პირველი გათამაშების უძვირფასესი მოთამაშე გახდა გოლდენ სტეიტის ლიდერი ცოტნე ვაშაყმაძე, რომელმაც საგანგებო პრიზი ქალთა ნბა-ს ამჟამინდელი მოთამაშისგან – კალანა გრინისგან ჩაიბარა.

საჩემპიონო თასი

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციიდან საგანგებოდ ჩამოტანილი საჩემპიონო თასი, ქუთაისელთა კაპიტან ცოტნე ვაშაყმაძეს ევროპაში ნბა-ს სპორტის დესპანმა, პროფესიული ლიგის ყოფილმა მოთამაშე ჟარკო ჩაბარკაპამ გადასცა.

მიხეილ გაბრიჩიძე (კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): ყველას ვულოცავ ამ მნიშვნელოვანი ტურნირის ჩატარებას, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა და ლამაზი ფინალით დასრულდა.  განსაკუთრებით სასიხარულო იყო ეს დღე ფინალში მონაწილე გუნდებისთვის, ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის, რომელბმაც ამ საკალათბურთო ზეიმში მიიღეს მონაწილეობა. მადლობას გადავუხდი საქართველოში აშშ-ს საელჩოს, სპორტისა და ახლაგაზრდობის საქმეთა სამინისტროს,  ნბა-ს ნაციაონალურ საკალათბურთო ასოციაციას  და მათ წარმომადგენლობას ევროპაში. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შედგა ეს პროექტი და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ნაყოფიერად გაგრძელდება.  
ნიკოლას ბერლინერი(საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი): აშშ საელჩოს სახელით მოხარულნი ვარ რომ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს.  JR. NBA-ს ლიგაში  30 გუნდი მონაწილეობდა, სულ კი  450 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა, რომელბსაც უამრავი მატჩი ჰქონდათ. დღეს ჩვენ შესანიშნავი ფინალის მომსწრენი გავხდით. ამ ქვეყანაში არის ნიჭი და ეს  ყველა სფეროში, მათ შორის სპორტში კარგად  ჩანს. შორს არ არის ის დღე, როცა საქართველოში NBA-ს სკაუტები ჩამოვლენ  და ამ ნიჭის გამოყენებას შეეცდებიან. მომავალი თაობა ნამდვილად ნიჭიერია.

კალანა გრინი (WNBA-ს მოთამაშე და სპორტის დესპანი): საქართველოში პირველად ჩამოვედი და მოხარული ვარ, რომ ასეთ შესანიშნავ პროექტში მივიღე მონაწილეობა. ამ პროექტის მეშვეობით ბავშვებს კარგი შანსი ეძლევათ დახვეწონ თამაში, ისწავლონ გუნდური მუშაობა და  მაქსიმალურად გამოავლინონ თავიაანთი შესაძლებლობები.   ძალიან კარგი ფინალი გამოვიდა, რომლისთვისაც ბავშვებმა ძალიან ბევრი იშრომეს. 
ჟარკო ჩაბარკაპა (ნბა-ს სპორტის დესპანი): მოხარული ვარ, რომ ამ შთამბეჭდავი ღონისძიების მონაწილე გავხდი. მათი შემხედვარე, მომინდა პატარაობაში დავბრუნებულიყავი და თავად განმეცადა ის სიხარული, რაც დღეს და მთლიანად ტურნირის მსვლელობისას ამ ბავშვებმა, მთლიანად ლიგის მონაწილეებმა განიცადეს. დარბაზში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა და ამ დღის ემოციები კარგა ხანს გამყვება.
მანუჩარ მარკოიშვილი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე): წლების შემდეგ პირველად მომეცა შანსი, დავსწრებოდი ქართული კალათბურთის მატჩს და მინდა გითხრათ, რომ ამ ასაკში არ ველოდი ასეთ დონეს. რაც მთავარია, თავად ნბა არის დაინტერესებული ამ პროექტის საქართველოში განხორციელებით და იმედი მაქვს, ეს ტურნირი მომავალ წლებშიც ჩატარდება, რაც დიდად შეუწყობს ხელს საქართველოში კალათბურთის განვითარებას.
ნიკა მეტრეველი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე): ჩემს ბავშვობაში ასეთი რამ რომ გამართულიყო, ბედნიერი ვიქნებოდი, რადგან ნებისმიერი მოთამაშის ოცნებაა, ასეთ ტურნირში მონაწილეობის მიღება. ყველანაირი პირობა არსებობს საიმისოდ, რომ წარმატებული მომავალი თაობა გაიზარდოს. აშენდა ახალი დარბაზები, სადაც ყველა პირობა არსებობს და ორგანიზების თვალსაზრისითაც დღეს დავინახეთ, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. ახლა ყველაფერი ახალგაზრდებზეა დამოკიდებული, რომლებსაც პირობები აქვთ და თავიანთი მონდომებითა და შრომით უნდა მიაღწიონ წარმატებებს.
დუდა სანაძე (საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე): ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი პროგრამები ტარდება საქართველოში და ეს იყო პირველი მასშტაბური ღონისძიება, რომელმაც მოიცვა მთელი საქართველო. ეს დიდი მოტივაციაა ნებისმიერი მოზარდისთვის, რადგან ნბა-ს ყველა უყურებს როგორც მწვერვალს. ასეთი პროგრამები დიდად შეუწყობს ხელს ქვეყანაში კალათბურთის განვითარებას, რადგან როგორც დონით, ისე ორგანიზების მხრივ ეს ტურნირი მართლაც გამორჩეული იყო.