10 მაისს დასრულდა კახეთის საკალათბურთო ჩემპიონატი, რომელიც 2 ასაკში: 1997-98 და 2001-2002 წლებში დაბადებულთა შორის ჩატარდა. ფინალურ ეტაპს თელავმა უმასპინძლა და გადამწყვეტ მატჩებზე დასასწრებად კახეთში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციიდან ჩავიდნენ. მე-3 ადგილისთვის და ფინალურ მატჩებს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალეკო პეტრიაშვილი და უცხოეთთან და ფიბა-სთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ფიბა-ს ლიცენზირებული კომისარი მერაბ რატიშვილი დაესწრნენ.
კახეთის კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირში მონაწილეობა თელავის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ახმეტის, ლაგოდეხის და საგარეჯოს გუნდებმა მიიღეს. ტურნირი თებერვალში დაიწყო და რეგულარული ჩემპიონატი 2 წრედ, მონაწილე გუნდების ქალაქებში ტურებად ჩატარდა. 18-წლამდელთა ჩემპიონატში 5 გუნდი მონაწილეობდა, ხოლო 14-წლამდელებში – 6.
18 წლამდელთა ჩემპიონატის რეგულარული ჩემპიონატი „თელავმა“ მოიგო. მეორეზე „სიღნაღი“ გავიდა, შემდეგ „გურჯაანი, „დედოფლისწყარო“ და „ახმეტა“. ნახევარფინალ/ში „გურჯაანმა“ „სიღნაღს“ სძლია, ხოლო თელაველებმა დედოფლისწყარო დაამარცხეს.
ფინალური მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა. საინტერესო ფინალში გურჯაანელებმა 62:59 იმარჯვეს, რაც მათი ლიდერის, შოთა მახარაშვილის დამსახურებაა. მახარაშვილმა მატჩი 50 ქულით დაასრულა. მესამე ადგილისთვის მატჩში სიღნაღელებმა 62:31 დაამარცხეს „დედოფლისწყარო“.
14-წლამდელთა ჩემპიონატი „ლაგოდეხის“ გამარჯვებით დასრულდა. გოგა ლობჟანიძის გაწვრთნილმა ლაგოდეხელებმა რეგულარულ ჩემპიონატში დედოფლისწყაროელთა შემდეგ მეორე ადგილი დაიკავეს. მესამეზე „ახმეტა“, ხოლო მეოთხეზე „გურჯაანი“ გავიდა. პლეი ოფში ვერ მოხვდნენ მეხუთეზე გასული „თელავი“ და ბოლოადგილოსანი „საგარეჯო“.
ნახევარფინალურ მატჩში დედოფლისწყაროელებმა „გურჯაანს“ სძლიეს, „ლაგოდეხმა“ კი დაძაბულ ბრძოლაში „ახმეტას“ აჯობა. ახმეტელებს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავდათ და ნახევარფინალის წაგების შემდეგ მესამე ადგილისთვის მატჩი იოლად – 89:75 მოუგეს „გურჯაანს“.
ფინალური მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ლაგოდეხელები თავიდან სოლიდურად იგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმში დედოფლისწყაროელებმა თამაშის გათანაბრება მოახერხეს და საინტერესო ფინალურ წუთებში გოგა ლობჟანიძის გაწვრთნილ ლაგოდეხელებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად. საბოლოოდ, „ლაგოდეხმა“ 66:58 იმარჯვა და მშობლიურ კუთხეში ორგანიზატორთა მიერ დაწესებული საჩემპიონო თასი, მედლები და სპეციალური სიგელები წაიღო.
ოთარ ბრაგვაძე, კახეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:
„ბედნიერი ვარ, რომ ამდენი გახარებული ბავშვი ვნახე. ყველაზე მეტად მათი კალათბურთისადმი სიყვარული და მონდომება მომეწონა. უმეტესობა ფინალების მერე მეკითხებოდა, სექტემბრიდან ხომ კიდევ ვითამაშებთო. კახეთის რეგიონში კალათბურთი აღმავლობის გზაზეა. ყველაზე მთავარი რაცაა, ბავშვებს აინტერესებთ სპორტის ეს სახეობა და საკალათბურთო სექციებში ბავშვთა რაოდენობა და თავად გუნდების რიცხვი მატულობს. კახეთის კალათბურთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რათა რეგიონში კალათბურთი აღორძინდეს და აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის საკალათბურთო ფერხულში. დიდ დახმარებას ვგრძნობთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგან, თელავის მუნიციპალიტეტისგან და სხვა შესაბამის ორგანოებიდან, რაც იმედს იძლევა, რომ კახეთში კალათბურთი სათანადო დონემდე ავა და ქვეყანას ღირსეულ სპორტსმენებს აჩუქებს“.
ორივე ასაკში გამარჯვებული გუნდები: “ლაგოდეხი” და “გურჯაანი”