კაკტუსმა ასტრალს მეორედაც დამაჯერებლად მოუგო და სუპერლიგაში დასარჩენად 1 გამარჯვება სჭირდება

კაკტუსმა ასტრალს მეორედაც დამაჯერებლად მოუგო და სუპერლიგაში დასარჩენად 1 გამარჯვება სჭირდება

ყველაფერი იქით მიდის, რომ “კაკტუსი” სუპერლიგაში ადგილს შეინარჩუნებს. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა დღეს საკვალიფიკაციო სერიის მეორე მატჩიც დამაჯერებლად მოუგო “ასტრალს” და სერიაში 2:0 დაწინაურდა. კაკტუსელებს სერიის მოგებამდე 1 გამარჯვება აშორებთ და თუ გასულ შეხვედრებს გავითვალისწინებთ, ლოგიკურად ეს მომდევნო მატჩში მოხდება.

“ასტრალი” მებრძოლი გუნდია, მაგრამ თავს ზემოთ როცა ძალა არაა, საოცრებას ვერ მოახდენს. “კაკტუსს” უფრო მეტი და მაღალი დონის ლეგიონერი ჰყავს, რომელთაგან დღევანდელ მატჩში დერიკ ნიუტონმა ვერ ითამაშა (ხელის ტრავმის გამო), თუმცა ხოშტარიას გუნდს გამარჯვება მაინც არ გასჭირვებია. პერიოდულად “ასტრალის” კალათბურთელები საკუთარ თამაშს პოულობდნენ და ჩამორჩენას ამცირებდნენ, თუმცა მატჩის სათავისოდ შეტრიალება ვერ მოახერხეს.

“კაკტუსმა” პირველი პერიოდი მხოლოდ ქულით – 21:20 მოიგო, რის შემდეგაც მატჩზე სრული კონტროლი დააწესა და დიდ შესვენებამდე ლიდერობა 15 ქულამდე გაზარდა. მაქსიმუმი, რაც ასტრალის მოთამაშეებმა მოახერხეს, რამდენჯერმე ჩამორჩენის 10 ქულამდე შემცირება იყო, საბოლოოდ კი 17-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა – 98:81 (სტატისტიკა).

გამარჯვებულთაგან 20 ქულით, 8 მოხსნითა და 5 ჩაჭრით საუკეთესო იყო დენზელ ლივინგსტონი. 21 ქულა და 7 მოხსნა ქუენთერიან მაკონიკომ მიითვალა, 13 ქულა კი ლუკა ზაქრაძის ანგარიშზეა. “ასტრალში” 16 ქულით ბომბარდირი ბექა ჩიკვილაძე გახდა, საუკეთესო შედეგი კი ევან მილიგანმა დააფიქსირა – 11 ქულა და 10 მოხსნა.

სერიის მესამე მატჩი 29 აპრილს, 20:00 საათზე გაიმართება.