სუპერლიგის საგზურისთვის ბრძოლა გამძაფრდა. საკვალიფიკაციო სერიაში, რომელშიც “ა” ლიგის ფინალისტი და სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის მე-9 ადგილოსანი თამაშობენ, ანგარიში გათანაბრდა. ბოიან სალატიჩის გაწვრთნილმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა 72:56 დაამარცხა “კაკტუსი” და სუპერლიგაში აღზევების შანსი გაუჩნდა. შეგახსენებთ, რომ დებულების თანახმად, “ა” ლიგის ფინალისტი (კავკასია) და სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზე გასული გუნდი (კაკტუსი) მომავალი სეზონის სუპერლიგაში ადგილის მოსაპოვებლად საკვალიფიკაციო სერიას – სამ მოგებამდე თამაშობენ.
შეგხსენებთ, რომ პირველ მატჩში კაკტუსელებმა იმარჯვეს და დღესაც რომ მოეგოთ, მთავარ მიზანს, სუპერლიგაში დარჩენას საკმაოდ მიუახლოვდებოდნენ, თუმცა კავკასიელებმა დღევანდელ მატჩში სამაგალითო ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდში 18 ქულით საუკეთესო იყო ვენდელ ლუისი. 13-13 ქულა კოტე ბიწაძემ და ანდრე უოლკერმა მოაგროვეს. 12 ქულა და 9 მოხსნა რიჩარდ მათიაშვილის ანგარიშზეა. “კაკტუსში” 15 ქულით ბომბარდირი გახდა დელანო სპენსერი.
სერიაში, რომელიც 3 მოგებამდე გრძელდება, ანგარიში 1:1-ია. მომდევნო მატჩი 27 აპრილს, ოლიმპიურ სასახლეში, 13:00 საათზე გაიმართება.
კაკტუსი – კავკასია
სტატისტიკა: 72:56