საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს “ა” ლიგაში პირველი მარცხი “ვერამ” აგემა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს “ა” ლიგაში პირველი მარცხი “ვერამ” აგემა

“ა” ლიგის დღეს გამართული მე-7 ტურის მთავარი მოვლენა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამარცხება გახლდათ. ბოიან სალატიჩის გაწვრთნილი გუნდი ტურნირის ერთადერთი დაუმარცხებელი წევრი გახლდათ, რომელსაც წაგების სიმწარე მიმდინარე სეზონში პირველად “ვერამ” აგემა. თავის მხრივ, ვერელებს, რომლებმაც კავკასიელებთან პირველი წრის მატჩი წააგეს, დღევანდელ მატჩში ლიდერი ბრაისონ სკოტი აკლდათ, თუმცა გამართული და დალაგებული თამაშის წყალობით მოახერხეს გამარჯვების მოპოვება – 76:71.

მილოშ პეიჩის გაწვრთნილმა “ვერამ” შეძლო და არქიმექულის გარეშე მყოფმა ლიგის ერთპიროვნული ლიდერი დაამარცხა. სკოტი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 26 ქულაზე მეტს აგროვებს, თუმცა მის არყოფნაში “ვერამ” უფრო გუნდური, დაცვასა და შეტევის ჰარმონიულ შეთავსებაზე გათვლილი თამაში უჩვენა. ეს უფრო მეტად იყო ბალკანელი სპეციალისტების ტაქტიკური დუელი, რომელიც პეიჩმა კავკასიელთა დამრიგებელ ბოიან სალატიჩს მოუგო.

მატჩის უმეტეს დროს “ვერა” ლიდერობდა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ქულით. კავკასიელებმა დასკვნით წუთებზე ლიდერობის მოპოვება მოახერხეს, თუმცა გადამწყვეტ მომენტში “ვერამ” უფრო გააზრბული და პრაგმატული კალათბურთი ითამაშა, თუმცა ბოლო წამებზე ყველაფერი ორმა შეტევამ გადაწყვიტა. კავკასიელთა ლიდერმა – ვენდელ ლუისმა ბოლო წუთზე საკვანძო შეტევები გააცუდა, ხოლო “ვერამ” – ჩააგდო და იმარჯვა კიდეც.

ვერელთაგან ბომბარდირი 16 ქულით ბერნარდ ნკალი გახდა. 15 ქულა მოაგროვა ბერნარდ სლაიმ, ხოლო ივან საიჩიჩის ანგარიშზე 13 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდში 35 ქულით საუკეთესო იყო ვენდელ ლუისი, რომელმაც ჩაროზად 12 მოხსნაც მიითვალა.

მე-7 ტურის მნიშვნელობით მეორე საინტერესო შედეგი “არენა-ორბის” “აფხაზეთთან” გამარჯვება გახლდათ. ეს 2 გუნდი “თბილისთან” ერთად პლეი ოფის მე-4 საგზურისთვის, შესბამისად, ლიგაში სამომავალსეზონოდ დასარჩენად იბრძვიან. შესაბამისად, მათ დაპირისპირებას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, რომელიც არენელებმა 95:74 მოიგეს და მე-4 ადგილზე დამკვიდრდნენ. გამარჯვებულებს 28 ქულითა და 12 მოხსნით არმანი ფლანიგანმა ულიდერა. 

მესამე მატჩში ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. ეორე ადგილზე მყოფმა “მეგა ბასკეტმა” ქულუხვ მატჩში 114:87 დაამარცხა “თბილისი”. ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილი თბილისელები იბრძოდნენ და ბოლო პერიოდში მეტოქეს 8 ქულითაც (63:71) მიუახლოვდნენ, რის შემდეგაც ვუკასინ მანდიჩმა წუთშესვენება აიღო, მეგაბასკეტელებს დარიგებები მისცა და მოედანზე ძირითადი ხუთეული დააბრუნა, რომლის წევრებიც ანგარიშში დიდი სხვაობის გამო სათადარიგოთა სკამზე იყვნენ.

საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკას დაემორჩილა და “მეგა ბასკეტმა ” დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. 27 ქულით, 10 პასით და 7 მოხსნით მეგაბასკელთაგან საუკეთესო იყო კორი სანდერსი. 25 ქულა ჰქონდა მიკა სიბორნს, ხოლო დარკო კოჰადარევიჩმა 21 ქულა და 10 მოხსნა გაიფორმა. “თბილისში” 36 ქულით საუკეთესო შედეგი ლევან რევაზაშვილმა დააფიქსირა. 

“ა” ლიგის მომდევნო ტურის მატჩები 14 მარტს გაიმართება.

აქამდე გამართული “ა” ლიგის მატჩების:  სტატისტიკა