ლიდერების ტური

ლიდერების ტური

 შედეგები
 გალერეა „ა“ ლიგის 3 მატჩს დღეს თბილისის
სპორტის ახალმა სასახლემ უმასპინძა. ტურნირის მონაწილე ექვსივე გუნდმა ითამაშა და
ტრადიცია გაგრძელდა: ლიდერებმა იმარჯვეს, ხოლო აუტსაიდერებმა წაგებები გააგრძელეს.

ტურის პირველი მატჩი პრინციპული და დაძაბული გამოდგა. ერთმანეთს „კაქტუსი“ და „წყალტუბო“ შეხვდნენ. ამ გუნდების პირველი წრის მატჩი წყალტუბოში მასპინძლებმა, დამატებით დროში მოიგეს. დღევანდელ მატჩსაც მცირედი დააკლდა, ოვერტაიმში რომ გადსულიყო, თუმცა საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე ალექსანდრ რიხლიუკის მიერ ნასროლი სამქულიანი მიზანს ასცდა და შეხვედრა კაქტუსელების გამარჯვებით –
64:61 დასრულდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი მეოთხედი იმერულმა კლუბმა 22:19 მოიგო, მეორეში კი უკვე კაქტუსელებმა მოიპოვეს უპირატესობა და დიდი შესვენებისთვის 35:33 დაწინაურდნენ. მესამე პერიოდის ბოლოს 2-ქულიანი სხვაობა შენარჩუნდა და შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე, „კაქტუსის“ სასარგებლოდ გადაწყდა.

გამარჯვებულებს
18 ქულით დავით ლომიძემ ულიდერა, ბექა ჩიკვილაძემ კი
17 ქულა ჩააგდო. 3 სამქულიანი და მთლიანობაში
11 ქულა ჩააგდო ვატო ბააკაშვილმა. წყალტუბოელთაგან 20 ქულით სერჰი ალფიოროვი გამოირჩა, 12 ქულა და
19 მოხსნა მიითვალა ალექსანდრ რიხლიუკმა.

მეორე მატჩში „ვითა“ სეუ-ს შეხვდა და
დამაჯერებლადაც იმარჯვა. „ვითამ“ ხელჩასაჭიდი უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა, რომელიც დიდი შესვენებისთვის 16 ქულამდე გაზარდა. მესამე პერიოდში ვითელთა უპირატესობამ 30 ქულას მიაღწია და მატჩის ბედიც გაირკვა. დასკვნით მეოთხედში სეუ-ს კალათბურთელებმა მოინდომეს და ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირეს. გამოსარჩევია კახა გიორგაძისა და ირაკლი ქილიფთარის შედეგიანობა, რომლებმაც ჯამში 44 ქულა ჩააგდეს.

საბოლოოდ „ვითამ“ 95:77 მოიგო, რაშიც ლომის წილი კონსტანტინ ანიკეენკოს მიუძღვის. უკრაინელმა ლეგიონერმა 24 ქულა და
11 მოხსნა მიითვალა. 16 ქულა დააგროვა ირაკლი ჩლაიძემ, ხოლო 15 ქულა ბექა წივწივაძის ანგარიშზე დაგროვდა.

ტურის ბოლო მატჩში აუტსაიდერები – „ვინგსი“ და თსუ შეხვდნენ. ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა სტუდენტება მოიგეს, რაც მათი ერთადერთი გამარჯვებაა მიმდინარე სეზონში, ხოლო „ვინგსი“ დღევანდელ მატჩს მოგების გარეშე შეხვდა.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და მისი ბედი დამატებით დროში გადაწყდა. „ვინგსი“ ბოლო მეოთხედს 9-ქულიანი ლიდერობით შეხვდა, თუმცა ვასილ ბერუაშვილის ძალისხმევით სტუდენტებმა ჩამორჩენის გაბათილება და თამაშის დამატებით 5-წუთეულში გადაყვანა მოახერხეს.

მატჩის ძირითადი დრო
62:62 დარულდა. დამატებით დროში დავით დეკანოიძისა და ბერუაშვილის აქტიურობით სტუდენტებმა გამარჯვების მოპოვება მოახერხეს – 83:75. გამარჯვებულებს 25 ქულით და 11 მოხსნით ვასილ ბერუაშვილმა ულიდერა. 19 ქულა მიითვალა ზაზა გაგნიძემ, ხოლო დავით დეკანოიძის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. „ვინგსში“ 21 ქულით საუკეთესო გელა კოპალიანი გახლდათ.

კაკტუსი – წყალტუბო  64:61 

ვითა – სეუ  95:77

ვინგსი – თსუ  75:83