ლიდერი არენა კაკტუსმა პირველი წრის ბოლო ტურში დაამარცხა

ლიდერი არენა კაკტუსმა პირველი წრის ბოლო ტურში დაამარცხა

შედეგები 

დასრულდა
„ა“ ლიგის პირველი წრე. ბოლო ტურში პირველი მარცხი განიცადა „არენა-76“-მა, რომელსაც
არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა „კაკტუსმა“ მოუგო.
მე-5
ტურის სამივე მატჩს 8 აპრილს საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა უმასპინძლა. საკმაოდ
დაძაბულ ბრძოლაში „კაკტუსმა“ 77:71 სძლია „არენას“. პირველ ტაიმში კაკტუსელთა უპირატესობამ
20 ქულას გადააჭარბა, თუმცა ჯერემი ბაინამის შედეგიანი თამაშის წყალობით არენელებმა
ბოლო პერიოდში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა ეს იყო მაქსიმუმი, რაც ცხრილის
ლიდერმა გუნდმა მოახერხა.

გამარჯვებულებს
37 ქულითა და 12 მოხსნით კამერუნელმა ლეგიონერმა სამა ტაკუმ ულიდერა. 12 ქულა 4 სამქულიანი
სროლით დავით ხიზანიშვილმა დააგროვა. დამარცხებულთაგან საუკეთესო ბაინამი გახლდათ
– 35 ქულა. ზუკა მაჩალაძემ 15 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა.

დაძაბული
გამოდგა „სეუ-ჰიუნდაისა“ და თსუ-ს დაპირისპირება. ლაშა ეგვერაძის გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმა
მატჩი შედეგიანად დაიწყეს და მიუხედავად იმისა, რომ შუაწელში თსუ-მ დაწინაურება მოახერხა,
„სეუ-ჰიუნდაიმ“ მობილიზებით ჩაატარა შეხვედრის დასკვნითი ნაწილი და ძალიან საჭირო გამარჯვება
მოიპოვა. ეძგვერაძის გუნდმა ამ გამარჯვებით მე-3 ადგილზე გადაინაცვლა (კაკტუსს პირადი
მოგების ხარჯზე ჯობნის).

გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ირაკლი ალხანაიძემ, რომელმაც
39 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა. 16 ქულა დააგროვა კირილე თვაურმა, ხოლო ამერიკელ კაილ
ფულერს სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა – 15 ქულა, 11 მოხსნა, 9 პასი.

დიდი ბრძოლა გაიმართა პირველი წრის დასკვნით მატჩში,
რომელშიც ერთმანეთს გორის „დილა“ და „წყალტუბო“ შეხვდნენ. იმერული კლუბი თავიდანვე
გალიდერდა და რაც დრო გადიოდა, უპირატესობას ზრდიდა. დიდი შესვენებისთვის წყალტუბოელებმა
19-ქულიან ლიდერობას მიაღწიეს და თითქოს გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა, თუმცა გორელებმა
მეორე ტაიმში შედეგიანობა გამოავლინეს და ბოლო წუთებზე მეტოქეს წამოეწივნენ. გორელებს
ვითარების შესაცვლელად დრო არ ეყოთ – „წყალტუბომ“ 79:75 იმარჯვა.

იმერულ კლუბში უკრაიმენელი გამოირჩნენ. ალექსანდრ რიხლიუკმა
25 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა, ხოლო სერგეი ალფიოროვმა წყალტუბოელებს 21 ქულა შესძინა.
15 ქულა დაგროვდა გიორგი კუჭავას ანგარიშზე. „დილაში“ საუკეთესსო ედეგი ვლადიმერ ბეჟანიშვილმა
დააფიქსირა – 18 ქულა, 12 მოხსნა. 15 ქულა და 9 მოხსნა ზვიად ბაბიაშვილის ანგარიშზე.
დავით მუშკუდიანმა 13 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.