ლიცენზირების და გადამზადების პროგრამის ლიცენზიები ქუთაისშიც დარიგდა

ლიცენზირების და გადამზადების პროგრამის ლიცენზიები ქუთაისშიც დარიგდა

კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის მიერ ორგანიზებული მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა. 29 დეკემბერს, სუპერლიგის მორიგი ტურის ქუთაისში გამართული მატჩის: ქუთაისი – ბათუმის შესვენებაზე პროგრამის წარმატებით გავლილ დასავლეთ საქართველოს მწვრთნელებს შესაბამისი ლიცენზიები გადაეცათ. შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენლებს ლიდენზიები 1 თვის წინ, 28 ნოემბერს თბილისში დაურიგდათ.
ლიცენზიების მისაღებად ქუთაისის სპორტის სასახლეში თავი იმერეთის, გურიის და სამეგრელოს რეგიონის მწვრთნელებმა მოიყარეს. მთლიანობაში მათი რიცხვი 31-ს შეადგენდა და ისინი იყვნენ შემდეგი ქალაქებიდან: ქუთაისი, სამტრედია, ზესტაფონი, ხონი, საჩხერე, ჭიათურა, წყალტუბო, ზუგდიდი, ჩოხატაური და ოზურგეთი.
პროგრამის ფარგლებში მწვრთნელებს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სემინარები ჩაუტარდათ. მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროცესს წარუძღვნენ კალათბურთის ცნობილი ქართველი სპეციალისტები: ანტონ კაზანჯიანი, ზურა ტომარაძე, გელა წულაძე, დავით უსტიაშვილი, ნიკო ჩერქეზიშვილი. ლიცენზიის მიღების მსურველებმა მოისმინეს ასევე სემინარები სპორტულ მედიცინასა და ფიზ-მომზადებაში შესაბამისი ქართველი სპეციალისტებისგან.
დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლებს ქუთაისის სპორტის სასახლეში ლიცენზიები კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა და ვეტერანმა კალათბურთელებმა, პროგრამის სამუშაო პროცესის მონაწილეებმა – გივი ბიჭიაშვილმა და ანტონ კაზანჯიანმა გადასცეს.
მომავალი წლის გაზაფხულიდან მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყება, რომელიც უფრო მაღალ ასაკებში მუშაობის მსურველ მწვრთნელებს შეეხებათ. პირველი ეტაპის შედეგად მთლიანობაში გაიცა 161 ლიცენზია, რაც მის მფლობელებს მინი კალათბურთსა და 14 წლამდე ასაკის ბავშვებში მუშაობის უფლებას აძლევს. პროგრამის მთლიანად – სამივე ეტაპის დასრულების შემდეგ ლიცენზიის არმქონე მწვრთნელებს შესაძლებლობა არ ექნებათ, გუნდი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებსა და ღონისძიებებში გამოიყვანონ.