“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში MBG-იმ 104:78 დაამარცხა “ზაზას აკადემია” და “ვერას” კვალზე მეორე ადგილი დაიკავა. ვერელები “ა” ლიგაში პირდაპირ მოხვდნენ, MBG-იმ კი მეორე ადგილზე გასვლით “წყალტუბოსთან” საპლეიოფო, გადასასვლელ რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა. წყალტუბოლოებმა წინა სეზონში “ა” ლიგაში მე-5 ადგილი დაიკავეს და ლიგაში ადგილის შენარჩუნება უწევთ. დღეს იმერული კლუბის მეტოქე გაირკვა – MBG და “წყალტუბო” უმჯობესს 2 მატჩის ჯამში გაარკვევენ და გამარჯვებული “ა” ლიგის ბოლო საგზურს დაეპატრონება. საკვალიფიკაციო მატჩები 6 და 9 იანვარს გაიმართება.
რაც შეეხება MBG-ისა და “ზაზას აკადემიის” შეხვედრას, როგორც ანგარიშიდან ჩანს, ბრძოლა არ შედგა. მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა გუნდმა ზაზას აკადემიელებს პირველი პერიოდი 28:10 რომ მოუგო, მას შემდეგ მეტოქისთვის შანსი არ მიუცია. შეხვედრა ისე ჩამთავრდა, მოედანზე სიტუქაცია არ დაძაბულა. ამერიკელი ლეგიონერის, დეონდა ნორტის წინამძღოლობით MBG-ელებს არაფერი გასჭირვებიათ და საბოლოოდ დამსახურებულ და დამაჯერებელ გამარჯვებამდეც მივიდნენ.
MBG-ის 32 ქულით ნორტმა ულიდერა. 18-18 ქულა მოაგროვეს დარკო კოჰადარევიჩმა და ჯეროდ სანდერსმა. 13 ქულა დაგროვდა ირაკლი ალხანაიძის ანგარიშზე. “ზაზას აკადემიაში” 31 ქულით კემერონ კლარკი გამოირჩა, 24 ქულა ნიკა მეცხვარიშვილმა მოაგროვა.
ზაზას აკადემია – MBG
სტატისტიკა: 78:104