დღეს ოლიმპიურ სასახლეში “ა” ლიგის მე-5 ტურის სამი მატჩია დაგეგმილი. პირველივე შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. 2 სიტყვით რომ ვთქვათ, გუნდი, რომელიც მესამე პერიოდში 26 ქულით იგებდა, საბოლოოდ დამარცხდა. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა “კავკასიამ”, რომელიც მიმდინარე გათამაშებაში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია, წარმატებული სერია გააგრძელა და სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე უმთავრეს კონკურენტ “ზესტაფონს” 86:84 (სტატისტიკა) სძლია.
მატჩის 21-ე წუთზე ზესტაფონელები 60:34 იგებდნენ და ფაქტობრივად გამარჯვება განაღდებული ჰქონდათ, თუმცა ლიტველი ბარკუს პაულიუსის გაწვრთნილი გუნდი ნაადრევად დაარხეინდა და საბოლოოდ დაისაჯა კიდეც. კავკასიელებმა სისწრაფეს და რაც მთავარია, შედეგიანობას უმატეს, ჩამორჩენის გაბათილება იწყეს და მესამე პერიოდის ბოლოს, მხოლოდ 8 ქულას აგებდნენ.
ზესტაფონის ბანაკში დაბნეულობამ იმატა და ბოლო პერიოდში დაშვებული არაერთი შეცდომის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა. ბოლო წამებზე ორივე გუნდს შეეძლო მოგება, გამარჯვების ისარიც ჯერ ზესტაფონისკენ გადაიხარა, როცა ოთარ ბულიავამ სამიანი ჩააგდო, შემდეგ კი კავკასიისკენ შებრუნდა. ეს ტარიელ ზუზაძის უმნიშვნელოვანესმა სამქულიანმა განაპირობა, რომელიც კავკასიის უკანახაზელმა საფინალო სირენამდე ნახევარი წუთით ადრე ჩააგდო და თავისი გუნდი 85:84 დააწინაურა. შემდეგ ზუზაძემ დაცვაშიც ჩაჭრა ბურთი და ტაქტიკური ჯარიმის შემდეგ კავკასიელთა ლიდერობა 2 ქულამდე გაზარდა. ზესტაფონელებმა მოასწრეს გამარჯვების მომტანი ბურთის ტყორცნა, თუმცა დონიელ სეგერსის სამქულიანი ფარში არ ჩაეშვა.
გამარჯვებულთაგან 20 ქულით საუკეთესო იყო დევონ კოლი. მარკიზ მეიფილდმა 19 ქულა მოაგროვა, ტარიელ ზუზაძის ანგარიშზე კი 16 დაგროვდა. ზესტაფონში 33 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ოთარ ბულიავა. 15 ქულა ლევან გოგალაძემ, ხოლო 14 – ჯეიმს ფლემინგმა მოაგროვეს.