მე-3 ტური თსუ-ჰიუნდაის და არენას გამარჯვებებით დასრულდა

მე-3 ტური თსუ-ჰიუნდაის და არენას გამარჯვებებით დასრულდა

 შედეგები  გალერეა„ა“ ლიგის მესამე ტური, რომელიც სამშაბათს ქუთაისში,
„წყალტუბოსა“ და „დელტას“ მატჩით დაიწყო, დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2 მატჩით
დასრულდა. შეგახსენებთ, რომ მარნეულელებმა ქუთაისში „წყალტუბო“ ბოლო წამებზე 2 ქულით
დაამარცხეს, დღეს კი „თსუ-ჰიუნდაიმ“ „ტიტებს“, ხოლო „არენამ“ სეუ-ს მოუგო.

„თსუ-ჰიუნდაიმ“ წინა ტურში „დელტასთან“ ბოლო წამებზე
წააგო და დღეს, დაუმარცხებელ „ტიტებს“ მედგარი ბრძოლა გაუმართა. თანაბარი პირველი პერიოდის
შემდეგ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა „თსუ-ჰიუნდაიმ“ მეორე პერიოდში უპირატესობა
მოიპოვა, რაც გუნდური თამაშისა და სანდრო სანაძის გამორჩეული შედეგიანობის დამსახურება
იყო. დიდ შესვენებამდე ჰიუნდაელებმა უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდეს, ხოლო მესამე პერიოდის
შემდეგ უკვე 10 ქულით იგებდნენ.

ბოლო მეოთხედში ვითარება არ შეცვლილა. კრისტოფერ ანდერსონის
გონივრული მოქმედებებით, რომელიც გამოზომილ პასებს აწვდიდა თავისიანებს და საბოლოოდ
15 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა, „თსუ-ჰიუნდაიმ“ თამაში იოლად მიიყვანა გამარჯვებამდე
– 77:71.

21 ქულით და 7 მოხსნით სტუდენტებს სანდრო სანაძემ ულიდერა.
16 ქულა და 15 პასი მიითვალა კრის ანდერსონმა, ხოლო კრის გაბრიელის ანგაარიშზე 12 ქულა
და ამდენივე მოხსნა დაგროვდა. „ტიტებში“ 21 ქულით საუკეთსო იყო არმანი ფლანიგანი, რაიან
აარონის ანგარიშზე კი 16 ქულა დაგროვდა.

მეორე შეხვედრაში „არენამ“ მეორე პერიოდში გატეხა სეუ.
არადა, სტუდენტური გუნდი პირველი პერიოდის შემდეგ 18:15 იგებდა, თუმცა ლეგიონერების
ძალისხმევით „არენამ“ მეორე ათწუთეული 26:13 მოიგო და დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი ლიდერობით
გავიდა. მეორე ტაიმში სეუ ბევრს ეცადა, მაგრამ ჩამორჩენის გაბათილება ვეღარ შეძლო და
საბოლოოდ 13 ქულით – 70:83 დამარცხდა.

„არენას“ 21 ქულით პიტერ ალექსისმა ულიდერა. 19 ქულა
დააგროვა როდნერიუს ლიუისმა, ხოლო კოტე ბიწაძის ანგარიშე 17 ქულა და 17 მოხსნა დაგროვდა.
დამარცხებულთაგან 25 ქულით საუკეთესო იყო ჯამალ უილსონი. 14 ქულა ლევან შენგელიას ანგარიშზეა. 
თსუ-ჰიუნდაი – ტიტები  77:71

სეუ – არენა-76  70:83