7 მარტს ოლიმპიურმა სასახლემ “ა” ლიგის მე-7 ტურს უმასპინძლა, რომელშიც ტურნირის ექვსივე მონაწილემ მიიღო მონაწილეობა. რეგულარული ჩემპიონატი ეკვატორს გადასცდა და მის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ცხრილში საკმაოდ დაძაბული ვითარება შეიქმნა.
მართალია, მე-7 ტურის შემდეგ პლეი ოფში გამსვლელი ოთხეული გამოიკვეთა, ის გაურკვეველია, ვინ რომელ ადგილს დაიკავებს. ამას პლეი ოფში გუნდების დაწყვილებაზე პირდაპირი გავლენა აქვს. პირველზე გასული მეოთხეს შეხვდება, ხოლო მეორე – მესამეს. პლეი ოფშის სერია 2 მოგებამდე გაგრძელდება, ხოლო გამარჯვებული სუპერლიგის საგზურს მოიპოვებს.
მე-7 ტურის ყველაზე დაძაბული მატჩი გახლდათ “არენა 76”-ისა და “თსუ-ჰიუნდაის” დაპირისპირება. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ – 68:68 დასრულდა, ხოლო ოვერტაიმში ბოლო წამებზე არენელები დაწინარუდნენ და ბოლო შეტევის მოგერიების შემდეგ მატჩი 2 ქულით – 82:80 მოიგეს. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილ არენელებს ამერიკელმა ლეგიონერებმა – არმანი ფლანინგანმა (22 ქულა, 15 მოხსნა) და ჯამალ ბრენტლიმ (20 ქ. 12მ) ულიდერეს. 13 ქულა მიითვალა ევან კელიმ, ხოლო ვატო ბააკაშვილმა შეხვედრა 12 ქულით დაასრულა. “თსუ-ჰიუნდაიში” 22 ქულით დენიელ უილიამსი გამოირჩა, ხოლო ალექსანდრე ფევაძემ 18 ქულა დააგროვა.
ქების ღირსია აუტსაიდერი “თბილისი”, რომელიც ერთადერთი ულეგიონერო გუნდია და წინა ტურში “წყალტუბო” დაამარცხა. ახლა კი ბოლომდე, ტოლ-სწორად ებრძოლა და საკმაოდ დიდ ხანს უგებდა ლიდერთაგან კიდეც “ტიტებს”. 3 ლეგიონერითა და ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშითა და მწვრთნელით დაკომპლექტებულმა “ტიტებმა” ბოლო წუთებზე მოახერხეს მეტოქის წინააღმდეგობის გატეხვა და 86:80 გაიმარჯვეს.
“ტიტებს” 21 ქულით ბექა ჩიკვილაძემ ულიდერა. 19 ქულა და 10 მოხსნა ჯონ ბრიტონმა მოინაგრა. 16 ქულა ბესო ლეჟავას ანგარიშზე დაგროვდა. ორმაგი დუბლი – 15 ქულა და 11 მოხსნა გაიფორმა ანტუან სპეისიმ. რაც შეეხება “თბილისს”, გუნდის ბომბარდირი 17 ქულით ალექსანდრე მეგენეიშვილი გახდა. 16-16 ქულა მოაგროვეს გიორგი ფერიაშვილმა და სოსო გოგნაძემ. ამ უკანასკნელს 14 მოხსნაც დაუგროვდა.
მესამე მატჩი საინტერესო ვერ გამოდგა. კავკასისს საერთაშორისო უნივერსიტეტმა დამაჯერებლად – 84:59 დაამარცხა “წყალტუბო” და პლეი ოფში გამსვლელ ოთხეულში დაფუძნდა. გათამაშებას არენა და ტიტები 12-12 ქულით ლიდერობენ, შემდეგ კი 11-11 ქულით “თსუ-ჰიუნდაი” და კსუ მოდიან.
შემდეგი ტურის მატჩები 18 და 19 მარტს გაიმართება.