შედეგები„ა“ ლიგის მე-9 ტურის სამივე შეხვედრას დღეს თბილისის
ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. პირველ მატჩში ერთმანეთს მარნეულის „დელტა“ და „ტიტები“
დაუპირისპირდნენ. ქვემოქართლური გუნდი დაკარგული ქულების მხრივ „თსუ-ჰიუნდაისთან“ ერთად
გათამაშების ლიდერია, „ტიტები“ კი ცხრილის შუაშია და ლიდერებში გასარევად იბრძვის.
მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. პირველი
პერიოდი ქულა-ქულაში წარიმართა და „ტიტების“ მინიმალური გამარჯვებით – 24:23 დასრულდა.
მეორე ათწუთეული კი „დელტამ“ მოიგო 18:15 და დიდ შესვენებაზე ქულიანი ლიდერობით გავიდა.
მესამე პერიოდი თბილისელებმა უკეთესად ჩაატარეს, რომლებმაც მეოთხედის დასკვნითი 4 წუთი
15:2 მოიგეს და გადამწყვეტი 10-წუთეულის წინ 56:51 დაწინაურდნენ.
„დელტამ“ დიდებულად ჩაატარა ბოლო მეოთხედი, რომელიც
7:0 გაქცევით დაიწყო, ლიდერობა დაიბრუნა და ბოლომდე შეინარჩუნა. საბოლოოდ მარნეულელებმა
73:63 მოიგეს, რაც მათი ამერიკელი ლეგიონერის, ლარონ გრიფინის დიდი დამსახურებაა. ამ
უკანასკნელმა 16 ქულა და 20 მოხსნა მიითვალა. „დელტას“ ბომბარდირი დეანდრე რეი გახდა
18 ქულით, იოსებ ლეჟავას ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა. „ტიტებში“ 22 ქულით დ 10 მოხსნით
საუკეთესო არმანი ფლანინგანი გახლდათ, რაიან აარონის ანგარიშზე კი 20 ქულა დაგროვდა.
მეორე მატჩში სეუ-მ „წყალტუბოს“ უმასპინძლა და სეზონის
პირველ გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა 17-ქულიანი ლიდერობა მესამე პერიოდში დაკარგა.
სტუდენტური გუნდი 50:35 იგებდა, მაგრამ დაცვაში საქმეები აერია, რაც გახდა კიდეც წყალტუბოელთა
გამარჯვების მიზეზი. ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდა, რომელიც იმერული კლუბის გამარჯვებით
– 76:70 დასრულდა.
წყალტუბოელებს აკლდათ გუნდისა და სრულიად ლიგის ბომბარდირი
ტრავანტე უილიამსი, რომლის არყოფნაშიც ბომბარდირობა 18-18 ქულით გიორგი კუჭავამ და
დიმიტრი დვალიშვილმა გაიყვეს. 17 ქულითა და 18 მოხსნით საუკეთესო შედეგი დმიტრი სვირიდოვმა
დააფიქსირა. სეუ-ში 16 ქულით ბომბარდირი კახა გიორგაძე გახდა, 15-15 ქულა რიჩარდ მათიაშვილმა
და ვიქტორ კოღუაშვილმა დააგროვეს.
ბოლო მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. ერთმანეთს „თსუ-ჰიუნდაი“
და „არენა“ დაუპირისპირდნენ. როგორც თავში ვთქვით, თსუ-ელები დაკარგული ქულებით „მარნეულთან“
ერთად ლიგას ლიდერობენ და ეს სტატუსი დღევანდელი მატჩის შემდეგაც შეინარჩუნეს.
მატჩის პირველი ტაიმი „არენას“ მცირე უპირატესობით წარიმართა,
ხოლო მეორეში „თსუ-ჰიუნდაიმ“ მოახერხა ლიდერობის მოპოვება. ბოლოსწინა წუთზე ანგარიში
თანაბარი გახლდათ და გადამწყვეტი ბურთები „თსუ-ჰიუნდაის“ ფორვარდმა მიითვალა. ბოლო
წუთი ახალი დაწყებული იყო, ალექსანდრე ფევაძემ სამქულიანით ჰიუნდაელები რომ დააწინაურა.
„არენამ“ გათანაბრება შორი სროლით განიძრახა, მაგრამ პიტერ ალექსის სამქულიანმა მიზანს
ვერ მიაღწია და იმავ ფევაძის შედეგიანმა გარღვევამ მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა
– 59:54.
გამარჯვებულთგან 18 ქულითა და 6-6 მოხსნა პასით კრის
ანდერსონი გამოირჩა. 11 ქულა გიორგი კორსანტიამ მოაგროვა, ფევაძის ანგარიშზე კი 9 ქულა
და 13 მოხსნა დაგროვდა. „არენაში“ 21 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო იყო პიტერ ალექსისი,
11 ქულა და 9 მოხსნა ალექსანდრ რიხლიუკმა მიითვალა.