N12 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებსა და „სეუ“-ს კალათბურთელებს შორის მეგობრული თამაში გაიმართა

N12 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებსა და „სეუ“-ს კალათბურთელებს შორის მეგობრული თამაში გაიმართა

N12 პენიტენციურ დაწესებულებას საქართველოს „ა“ ლიგის საკალათბურთო გუნდ „სეუ“-ს წევრები ესტუმრნენ და დაწესებულების მოედანზე მსჯავრდებულებთან ერთად მეგობრული თამაში გამართეს. 
მსჯავრდებულები შეხვედრისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში ემზადებოდნენ და ფიზიკურად ვარჯიშობდნენ. 
დაწესებულების დირექტორის კახა თეთრაძის განცხადებით მსგავსი ღონისძიებები მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის საუკეთესო საშუალებაა.
„დაწესებულებაში თითქმის ყოველ კვირას შემოდის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი, იქნება ეს სპორტსმენი თუ საზოგადო მოღვაწე, რაც მსჯავრდებულებზე თავისთავად დადებით ზეგავლენას ახდენს. ძალიან ხშირად, შეიძლება მცირე ზომებით, მაგრამ მაინც ვაწყობთ ხოლმე სპორტულ შეჯიბრებებს. მიმაჩნია, რომ ასეთი შეხვედრები მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას ყველაზე მეტად უწყობს ხელს“ – განაცხადა კახა თეთრაძემ.
თამაშის დასრულების შემდეგ კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებს საჩუქრად ბურთები და ეროვნული ნაკრების მოთამაშეების მაისურები გადასცეს.
„N12 დაწესებულებაში პირველად ვართ, მანამდე მეგობრული შეხვედრა გვქონდა არასრულწლოვნებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშნველოვანია იმ ადამიანების მიმართ გამოვხატოთ მხარდაჭერა, ვისაც ეს სჭირდება. ზოგადად, ჩვენი ფედერაციის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ყველას ამისკენ მოვუწოდებთ“ – განაცხადა სუპერლიგის და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ზაბახიძემ.
გიორგი ზაბახიძის განცხადებით ისინი მზად არიან სხვა დაწესებულებებსაც ესტუმრონ და მეგობრული შეხვედრები გამართონ.