16-წლამდელთა „ბ“ ლიგის ფინალს უმასპინძლა საკალათბურთო აკადემიამ. თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის მიერ წლეულს ორგანიზებულ ტურნირთაგან 16-წლამდელთა „ბ“ ლიგაში ყველაზე მეტი – 18 გუნდი ასპარეზობდა.
გუნდებმა ხანგრძლივი რეგულარული ჩემპიონატი ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც ორივე ჯგუფში მთლიანობაში 144 მატჩი გაიმართა. შედეგად გუნდები ჯგუფებში კლასიფიცირდნენ და თითოეულიდან საუკეთესო 4-4 გუნდმა საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა მეოთხედფინალებიდან განაგრძო.
ფინალამდე წაუგებლად მივიდნენ „დინამო“ და „ორბი“. დინამოელთა წარმატება ცოტა მოულოდნელი იყო, რადგან ეს გუნდი საკუთარ ჯგუფში მე-4 ადგილზე გავიდა და პლეი ოფში გასასვლელად მხოლოდ ბურთების შეფარდების ხარჯზე აჯობა „რუსთავს“. რაც შეეხება „ორბს“, ვასილ ბერეკაშვილისა და ნინო ყიფშიძის გუნდმა რეგულარულში მეორე ადგილი დაიკავა და ფინალამდეც იოლად მივიდა.
ფინალში დინამოელებმა პირველი მეოთხედი 19:18 მოიგეს, რის შემდეგაც ინიციატივას „ორბი“ დაეუფლა და მეორე პერიოდიდან ლიდერობას განუწყვეტლივ ზრდიდა. დიდი შესვენებისთვის ბერეკაშვილის გუნდი 5 ქულას იგებდა, გადამწყვეტი კი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც „ორბმა“ 10:4 მოიგო და მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე ხელიდან არ გაუშვა.
საბოლოოდ „ორბმა“ 64:50 იმარჯვა და „ბ“ ლიგის გამარჯვებული გახდა. ფინალურ მატჩში გუნდს 18-18 ქულით ილია დარჩიაშვილმა და 14 წლის ნიკა ნიკოლაიშვილმა ულიდერეს. „დინამოში“ 15 ქულით საუკეთესო იყო ერიკ პოღოსიანი. პრიზიორი დინამოელები და ჩემპიონი „ორბი“ თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ღონღაძემ და კავშირის წევრმა კახა ბაღათურიამ დააჯილდოვეს.