ორბმა ივერიონს ტყიბულში მოუგო და “ა” ლიგის ფინალურ სერიაში დაწინაურდა

ორბმა ივერიონს ტყიბულში მოუგო და “ა” ლიგის ფინალურ სერიაში დაწინაურდა

“ა” ლიგის ფინალური სერია ტყიბულში დაიწყო. საკალათბურთო კლუბმა “ორბმა”, რომელიც თბილისიდან ტყიბულში მიმდინარე სეზონის წინ გადაბარგდა, სუპერლიგაში გადასვლას მიუახლოვდა. ირაკლი ტომარაძისა და ნინო ყიფშიძის გაწვრთნილმა ტყიბულელებმა ფინალური სერიის პირველ მატჩში გორის “ივერიონი” 94:87 (სტატისტიკა) დაამარცხეს და საერთო ანგარიშით – 1:0 დაწინაურდნენ.

ფინალური სერია 3 მოგებამდეა და ორბს საბოლოო მიზნამდე კიდევ 2 გამარჯვება სჭირდება, თუმცა სერიაში დაწინაურება გარკვეულ უპირატესობას ნიშნავს, რომლის გამოყენებასაც ტყიბულის გუნდი ბოლომდე ეცდება. შეიძლება ითქვას, ორბმა ბეწვის ხიდზე გაიარა. მატჩის უდიდეს ნაწილს მასპინძლები აგებდნენ და რომ არა ბოლო პერიოდის სპურტი, გამარჯვება გორელებს დარჩებოდათ.

მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ივერიონი 7 ქულით – 80:73 იგებდა, რაც, ცხადია, ძალიან დიდი უპირატესობა იყო. სავსე დარბაზის გასახარად, ორბის მოთამაშეებმა მომდევნო 3-წუთიანი მონაკვეთი 15:0 (!) მოიგეს, 88:80 დაწინაურდნენ და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს. როცა თითქმის მთელი თამაში ლიდერობ და საბოლოო გამარჯვებამდე 5 წუთში 7-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნება გმართებს, მონაკვეთის 0:15 წაგება კაპიტულაციის ტოლფასია. რთული სათქმელია, რა მოხდა აღნიშნულ 3-წუთეულში, როცა ტყიბულელები მთელი თამაში ცდილობდნენ და მეტოქის დაჯაბნა არაფრით გამოსდიოდათ.

ხსენებულ მომენტში თავი დემარკუს ეიდიმ, მარკალ ლოთსმა და კენი კუპერმა გამოიჩინეს. სპურტის დროს ორბის მითვლილი 15 ქულიდან 6 ეიდის ანგარიშზეა, 5 – კუპერის და 4-იც ლოთსმა მიითვალა. დემორალიზებული გორელები დარჩენილ წუთნახევარში რომ 8 ქულის გამაბათილებლები არ იყვნენ, ცხადი იყო. ასეც მოხდა, ორბი დამაჯერებლად მივიდა გამარჯვებამდე და მეტად აქტიურ ქომაგებთან ერთად სერიაში დაწინაურება იზეიმა.

გამარჯვებულთაგან 26 ქულით და 8 მოხსნით საუკეთესო იყო მარკალ ლოთსი. 14 ქულა, 12 პასი 4 ჩაჭრა და 2 დაფარება კენი კუპერის ანგარიშზეა. 14 ქულა მიითვალა დემარკუს ეიდიმ, 13 ქულა კვენტინ დევისის ანგარიშზე დაგროვდა. ივერიონის რიგებში 22 ქულით ვიქტორ ლუისი გამოირჩა, 20 ქულა, 8 მოხსნა დ ა6 პასი ჯერმეინ ჰედის ანგარიშზეა. 

ფინალური სერიის მეორე მატჩი ხვალ 5 აპრილს, კვლავ ტყიბულში გაიმართება, როს შემდეგაც სერია გორში გადინაცვლებს.