ფიბა-ს საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის სამუშაო ვიზიტი თბილისში

ფიბა-ს საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის სამუშაო ვიზიტი თბილისში

საქართველოს სამუშაო ვიზიტით ფიბა-ს საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეწვია. ლიუბომირ მანდიჩის ჩამოსვლის მიზეზი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენელთათვის სემინარების ჩატარება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის დათვალიერება გახლდათ. ფიბა-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ფედერაციის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს 16 მარტს, სპორტის ახალ სასახლეში შეხვდა და მათ ის ახალი სისტემა წარუდგინა, რომელზეც 2018 წლიდან ფიბა გადადის.

მოგეხსენებათ, ეს ევროპის ჩემპიონატის ბოლო ციკლია, რომელიც 2-წლიანია. 2017 წლის ევრობასკეტის შემდეგ ევროპის ჩემპიონატი 4 წელიწადში ერთხელ ჩატარდება, ხოლო მსოფლიოს პირველობისთვისა და ოლიმპიადისთვის შესარჩევი ტურნირები ცალკე ჩატარდება. შესარჩევი ტურნირის მატჩები ნაცვლად აგვისტო-სექტემბერისა, მთელი წლის განმავლობაში – ნოემბერში, თებერვალში, ივნისში გაიმართება.
სწორედ ამ ახლებური სისტემის თანმდევი ცვლილებები და სხვა ორგანიზაციული თუ სტრუქტურული დეტალები გააცნო ლუბომირ მანდიჩმა ფედერაციის წარმომადგენლებს., რომლებთან შეხვედრამდეც ფიბა-ს ემისარმა სპორტის ახალი სასახლე და ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზები დაათვალიერა, სადაც ევროპის 18-წლამდე გოგონათა ჩემპიონატის C დივიზიონის მატჩები უნდა გაიმართოს. მოგეხსენებათ, ქართული კალათბურთის ისტორიაში საქართველო პირველად მასპინძლობს ფიბა-ევროპის ოფიციალურ შეჯიბრს, რომელშიც საქართველოს ნაკრებთან ერთად ანდორის, გიბრალტარის, სომხეთის, უელსის, კოსოვო და მალტას 18-წლამდე გოგონათა გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
ლიუბომირ მანდიჩმა მოინახულა ასევე ის სასტუმროები, რომლებშიც ამ ღონისძიებაში მონაწილე ნაკრებები იცხოვრებენ. ფიბა-ს წარმომადგენელმა დადებითი შეფასება მისცა როგორც სპორტულ, ისე სხვა სახის ინფრასტრუქტურას.