ქართველ მსაჯთა კორპუსის კიდევ ერთი აღიარება. ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ფიბა-თან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ რატიშვილი ევროპის 20-წლამდელ ვაჟთა ჩემპიონატზე (ა დივიზიონი) სამუშაოდ მიიწვიეს. ქართველმა კომისარმა იტალიის ქალაქ ლინიანოში 19 ივლისს დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე 20-ზე მეტ მატჩს უხელმძღვანელა, რომელთაგან ბოლო, საპრიზო – მესამე ადგილითვის შეხვედრა იყო.
კონტინენტზე მე-3 გუნდის ტიტულისთვის ერთმანეთს საფრანგეთი და თურქეთი ერკინებოდნენ. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, თუმცა მსაჯ-კომისრის მხრიდან გამოჩენილი პროფესიონალიზმის წყალობით შეხვედრა სპორტული ეთიკის ფარგლებს არ გასცდენია და საბოლოოდ ბრინჯაოს მედლები თურქებმა მოიგეს. აღნიშნულ შეხვედრას მერაბ რატიშვილთან ერთად მოემსახურნენ – დანიელ იერესუელო (ესპანეთი), იოსიპ რადოიკოვიჩი (ხორვატია) და გენტაინ ციცი (ალბანეთი), რომელთაც უმაღლესი რანგის ევროპული საკლუბო ტურნირის – ევროლიგის გამოცდილება უმაგრებთ ზურგს.
დანიელ იერესუელო, მერაბ რატიშვილი, იოსიპ რადოიკოვიჩი და გენტაინ ციცი
„ის, რომ ასეთი მაღალი დონის ტურნირზე საპრიზო ადგილისთვის მატჩის კომისრობა მანდეს, დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს. ჩემი აქ ყოფნა და მე-3 ადგილისთვის მატჩზე დანიშვნა არა მხოლოდ პირადად ჩემი, არამედ მთლიანად ქართული მსაჯთა სკოლის წარმატებაა და ამის შესანიშნავი მაგალითია მაკა კუპატაძე, რომელმაც ორიოდ თვის წინ ქალთა ევროლიგის ფინალური მატჩი იმსაჯა. მოხარული ვარ, რომ ფიბა ქართული მსაჯთა კორპუსის წარმომადგენლებს საერთაშორისო სარბიელზე ენდობა და ჩვენი პრესტიჟი წლიდან წლამდე იზრდება“ – გვითხრა მერაბ რატიშვილმა, როცა იტალიაში შევეხმიანეთ.