გუშინ, სპორტკომპლექს “არენაში” გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საკალათბურთო აკადემიასა და საბონისის კალათბურთის ცენტრს შორის. ქართველთა მხრიდან ხელშეკრულებას ხელი “აკადემიის” დირექტორმა სოფო ხვედელიძემ მოაწერა, ხოლო ლიტველთა მხრიდან, არვიდას საბონისის ძმამ, ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრიუს საბონისმა.
– მემორანდუმი მიზნად ისახავს ლიტვისა და საქართველოს წამყვანი საკალათბურთო სკოლების ურთიერთთანამშრომლობას, რაც გამოიხატება თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებასა და გაცვლით პროგრამებში. პარტნიორობის საბოლოო მიზანია, საკალათბურთო კლუბი ”აკადემია” ჩამოყალიბდეს როგორც გამართული ევროპული დონის სპორტული ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს მეტი ბავშვის ჩართვას საკალათბურთო აქტივობებში, ახალგაზრდა, ნიჭიერ კალათბურთელებს გზას გაუხსნის ევროპულ ასპარეზზე, მოამზადებს პროფესიონალ კადრებს სუპერლიგისა და ქვეყნის ნაკრები გუნდებისათვის, – აღნიშნა სოფო ხვედელიძემ.
ანდრიუს საბონისმა ხაზი გაუსვა სხვადასხვა საკალათბურთო სტილის ქვეყნების ერთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას კალათბურთის განვითარების საქმეში:
– თუ პროგრესზე ვფიქრობთ, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ როგორ მუშაობენ სხვადასხვა ქვეყნებში. ჩაკეტილ სივრცეში ახალგაზრდობა სათანადოდ ვერ აღიზრდება. ჩვენთვისაც საინტერესოა თქვენი მუშაობის სტილი და ასევე იქნება თქვენთვისაც. საკალათბურთო აკადემიასთან მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებთ, გავცვლით ინფორმაციას, კალათბურთელებს, მოვავლენთ მწვრთნელებს.
პრესკონფერენციის შემდეგ ლიტველი სტუმრები სუპერლიგის მატჩებს დაესწრნენ, საღამოს კი ყმაწვილ აკადემიელებს ვარჯიში ჩაუტარეს. წვრთნა საკუთარ თავზე საბონისის აკადემიის ახალგაზრდა მწვრთნელმა აურიმას იასილიონისმა აიღო, რომელმაც ირაკლი ტომარაძესთან და ვასილ სომხიშვილთან ერთად სახალისო და სასარგებლო ვარჯიშები ჩაუტარა პატარებს.
ლიტველები საქართველოში 16 მაისამდე დარჩებიან.