საკალათბურთო აკადემიაში დასრულებული ჩუპა-ჩუპსის თასი „ჰიუნდაიმ“ მოიგო

საკალათბურთო აკადემიაში დასრულებული ჩუპა-ჩუპსის თასი „ჰიუნდაიმ“ მოიგო

„ჰიუნდაის” გამარჯვებით დასრულდა საკალათბურთო კლუბ „აკადემიას” ორგანიზებით გამართული 2005-2006 წლებში დაბადებულთა „ჩუპა-ჩუპსის” ტურნირი. შეჯიბრებაში 4 გუნდი მონაწილეობდა – „ჰიუნდაი”, „რუსთავი”, „აკადემია 1″ და „აკადემია 2″.

ფინალურ მატჩში ერთმანეთს „აკადემია 1″ და „ჰიუნდაი” შეხვდნენ. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ირაკლი ჩერქეზიშვილისა და სანდრო ნიკურაძის გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმა ბოლო მეოთხედში მოახერხეს გასამარჯვებლად საჭირო ლიდერობის მოპოვება და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს – 42:33. მესამე ადგილზე გავიდა „რუსთავი”, რომელმაც „აკადემია 2″-ს სძლია.
კლუბ „აკადემიას” ხელმძღვანელობამ ტურნირის ორგანიზება სპონსორებისა და გუნდის წევრთა მშობლების დახმარებით მოახერხა. ოთხივე გუნდის ყველა მონაწილემ ტურნირის სპონსორისგან, კომპანია „ჩუპა-ჩუპსისგან” ტკბილეულის კრებული და სათამაშოები მიიღო.
მაღაზია „სალერმა” მე-2 და მე-3 ადგილებზე გასული გუნდების საუკეთესო მოთამაშეები საკუთარი ქსელის მაღაზიებში სარგებლობისთვის 100-ლარიანი ვაუჩერებით დაასაჩუქრა. ტურნირის ერთ-ერთმა სპონსორმა, „ჯინო პერედაისმა” გამარჯვებული გუნდის მთელ შემადგენლობას თბილისის ზღვაზე მდებარე აკვაპარკში უფასო ვიზიტის ვაუჩერი გადასცა. ტურნირის დანარჩენ მონაწილეებს „ჯინო პერედაისში” სტუმრობა 50-პროცენტიანი ფასდაკლებით შეეძლებათ.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულ „ჰიუნდაის” წევრ გეგა წულაიას კომპანია „ჩუპა-ჩუპსმა” სპეციალური პრიზი გადასცა, ხოლო ამ კომპანიის სიმპათია, აკადემიელი საბა გურგენიძე უდიდესი „ჩუპა-ჩუპსის” კანფეტით დასაჩუქრდა. ტურნირის მონაწილე ოთხივე გუნდი „ჩუპა-ჩუპსის” თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდა.