გალერეა
მეორე მატჩი და მეორე გამარჯვება – საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის მერიის თასზე ესტონეთის განადგურების შემდეგ ტურნირის მეორე ბალტიისპირელი მონაწილე ლატვია დაამარცხა. წინა შეხვედრისგან განსხვავებით, სხვაობა მცირე იყო (78:76), თუმცა მზადების ამ ეტაპისთვის მწვრთნელები შედეგს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ.
საქართველოს ნაკრებმა ითამაშა გამართული კალათბურთი და მეტოქისთვის შანსი არ მიუცია, თუ არ ჩავთვლით ბოლო წუთებს, როცა ლატვიელებმა ჩამორჩნა 3 ქულამდე შეამცირეს და იმედის ნაპერწკალი ჩაესახათ – ქართველებმა ბალტიისპირელებს არ მისცეს შესაძლებლობა, ავანტიურისტული თამაშით გამარჯვებამდე მისულიყვნენ.
ავანტიურისტულ თამაშს კალათბურთში რისკიან თამაშს ეძახიან და ლატვიელებიც რისკზე მიდიოდნენ, როცა გამუდმებით სამქულიანებს ესროდნენ. საბოლოოდ, ლატვიელებმა პერიმეტრს მიღმიდან 33-ჯერ შეუტიეს ქართველების კალათს, საიდანაც 13 ჩააგდეს და სწორედ ამ შედეგიანობის წყალობა იყო, რომ ლატვიელებმა ბოლო წუთზე ჩამორჩენა შეამცირეს. სიმართლე ითქვას, ლატვიელებს სხვა შანსი არც ჰქონდათ, რადგან ფარქვეშ ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე, ბექა ბურჯანაძე და ჩვენი ნაკრების სხვა მეფარეები იყვნენ გაბატონებულნი. ეს აისახა მოხსნებშიც – ქართველებმა ბალტიისპირელებზე 18-ით მეტი მოხსნა მიითვალეს.
მთავარი, რაც ამ მატჩმა ქართველთა მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს დაანახა, ახალგაზრდა მოთამაშეების პროგრესი და მოედანზე მიმდინარე პროცესებში მეტი ჩართულობა იყო. ბექა ბურჯანაძემ თორნიკე შენგელიას არყოფნაში თამაში ისევ სასტარტო ხუთეულში დაიწყო და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბექამ 15 წუთში 16 ქულა მიითვალა და შეტევაში მაღალი პროცენტულობა გამოავლინა. მეორე ახალგაზრდა დუდა სანაძე გახლდათ, რომელმაც მაყურებელს თავი შედეგიანი თამაშით დაამახსოვრა. დუდამ სამიანებიც ჩააგდო, დაცვაშიც იყოჩაღა, სწარფი გარღვევაც ჩააგდო და ზუსტი საჯარიმოც დააყოლა. დუდამ საბოლოოდ 14 წუთში 9 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, რითაც კოკოშკოვს კიდევ ერთი საიმედო დასაყრდენი მიეცა სათადარიგო მოთამაშეთა შორის.
რაც შეეხებათ საქართველოს ნაკრების გამოცდილ მოთამაშეებს, ზაზა ფაჩულიამ, ვიქტორ სანიკიძემ, გიორგი ცინცაძემ, გიორგი შერმადინმა დამაჯერებლად, მაღალ დონეზე ითამაშეს. ნაკრების კაპიტანი 16 ქულით, 8 მოხსნითა და 4 პასით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა, ხოლო ვიქტორ სანიკიძეს ტურნირის მეორე ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 12 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. 9 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა მანუჩარ მარკოიშვილმა, ჯეიკობ პულენის ანგარიშზე კი 9 ქულა დაგროვდა.
თბილისის მერიის ბოლო, მესამე სათამაშო დღეს საქართველოს ნაკრები იტალიას შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში აღნიშნულ ტურნირს მეოთხედ მოიგებს. დღევანდელი ტურნის მეორე მატჩში ერთმანეთს იტალია და ესტონეთი შეხვდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, იტალია იქნება საქართველოს კონკურენტი, მერიის თასის ხვალ დაგეგმილ მატჩში.
კოტე ტუღუში(საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი): საინტერესო თამაში გამოვიდა და ზოგადად ძალიან კარგი ტურნირი ტარდება. საქართველოში ძლიერი გუნდები ჩამოვიდნენ და ეს თამაშები ძალიან სასარგებლოა ჩვენთვის. ვფიქრობ, ხვალ კიდევ უკეთესი შეხვედრა გველის წინ. ტურნირში მონაწილე სამივე გუნდი განსხვავებულ კალათბურთს თამაშობს, ესტონეთი სულ სხვა გუნდია, ლატვია სხვა და იტალია საერთოდ განსხვავებულ კალათბურთს თამაშობს. პირველი პერიოდი კარგად დავიწყეთ, თუმცა მეორე ტაიმში ალბათ დაღლილობამაც იქონია თამაშზე გავლენა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ ტურნირის საშუალებით ჩვენს შეცდომებს თვალნათლივ დავინახავთ და მათ გამოსწორებაზე ვიმუშავებთ. დღეს ახალგაზრდებმა თავი გამოიჩინეს, თუმცა ჩვენს გვყავს წამყვანი კალათბურთელები, რომლებიც შესაბამის ფორმაში უნდა შევიდნენ.
აინარს ბაგატსკისი (ლატვიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში დიდი მადლობა ამ ტურნირზე მოწვევისთვის. დღევანდელმა თამაშმა თითქოს სარკეში ჩაგვახედა და პირდაპირ დაგვანახა ჩვენი შეცდომები. მგზავრობამ და სიცხემ მიგვანიშნა იმ სირთულეებზე, რომელიც შესაძლოა ევრობასკეტზე ასპარეზობისას შეგვექმნას. დღევანდელ მატჩზე საქართველოს ნაკრებს რაც სურდა, ყველაფერი გამოუვიდა. მიუხედავად ამდენი შეცდომებისა, გვქონდა მოგების შანსი და სხვაობაც არაერთხელ შევამცირეთ, თუმცა ბავშვური შეცდომების გამო გამარჯვებამდე ვერ მივედით. მართალია დღეს არ გამოგვივიდა გამარჯვება, მაგრამ შემდეგში აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას.
ბექა ბურჯანაძე (საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი): ლატვიის ნაკრები საკმაოდ ძლიერია. შეუძლიათ პერიმეტრიდან კარგად შეტევა და ზუსტი სროლებით გამოირჩევიან. დაცვაში ის შედეგი, რაც გვინდოდა ვერ ვაჩვენეთ, თუმცა, სწორედ იმისთვისაა ეს ტურნირი, რომ უკეთ მოვემზადოთ და ჩვენი შეცდომები გამოვასწოროთ.
კასპარს ბერზინსი (ლატვიის ეროვნული ნაკრების წევრი): ვულოცავ საქართველოს გამარჯვებას. ამ თამაშმა ჩვენი სისუსტეები და პრობლემები დაგვანახა და მადლობა ამისთვის საქართველოს ნაკრებს. ფარი წავაგეთ და ეს იყო ჩვენი ძირითადი პრობლემა, ასევე დაცვაში დიდი სივრცეები გვქონდა და მეტოქე ადვილად შედიოდა ფარქვეშ. ეს შეცდომები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. რაც შეეხება ლატვიის გეგმებს ევრობასკეტზე, მე, როგორც მოთამაშე, ჯერ მხოლოდ პირველ თამაშზე ვარ კონცენტრირებული და ამაზე ვფიქრობ. ოცნება კი, ალბათ როგორც სხვა გუნდებისთვის, ჩვენთვისაც მომავალ ოლიმპიადაზე მოხვედრაა.
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტოები