საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების ბელგიური რევანში და მე-5 ადგილი

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების ბელგიური რევანში და მე-5 ადგილი

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში ასპარეზობა მე-5 ადგილზე დაასრულა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირის ბოლო შეხვედრაში პრინციპული ბრძოლა მოიგო. გარდა იმისა, რომ მე-5 ადგილი თამაშდებოდა, ქართველებს ბელგიასთან მატჩში დამატებითი მოტივაციაც ჰქონდათ.
ბელგიამ ბულგარეთში მიმდინარე ტურნირის პირველ მატჩში ქართველებს 14 ქულით – 60:46 მოუგო. ქართველებმა პირველი ჯგუფური ეტაპის მომდევნო მატჩები მართალია მოიგეს, მაგრამ ბელგიელებთან მარცხის უარყოფითი შედეგი წინ, მეორე ჯგუფურ ეტაპზე დახვდათ. ქართველებს ბენილუქსელებთან წაგება მეორე ეტაპზე გადაჰყვათ, რაც ნახევარფინალში გასასვლელ გზაზე გვარიანი წინაღობა აღმოჩნდა.
ქართველებმა მეორე ჯგუფიდან ნახევარფინალში გადასვლა ვერ შეძლეს და ბრძოლა მე-5 ადგილისთვის განაგრძეს. ჩერქეზიშვილის გუნდმა ჯერ სლოვენიას მოუგო, რითაც მე-5 ადგილისთვის მატჩში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ჩვენი მეტოქე სწორედ ბელგია აღმოჩნდა და ქართველებს რევანშის აღების შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ, რაც კარგად გამოიყენეს. ბელგიელებმა მხოლოდ პირველ მეოთხედში შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა, რომელიც 12:11 მოიგეს, შემდეგ კი შეხვედრა ქართველების დომინირებით გაგრძელდა.
გადამწყვეტი გამოდგა მესამე პერიოდი, რომელიც ქართველებმა 20:8 მოიგეს და ბელგიელები  გატეხეს. საბოლოოდ ჩერქეზიშვილის გუნდმა 17 ქულის სხვაობით – 60:43 იმარჯვა, რითაც ბენილუქსელებს ღირსეული რევანში აუღო. ქართველებმა გუნდურად ითამაშეს, თუმცა  ლიდერებმა გამარჯვებისთვის განსაკუთრებული წილი გაიღეს. უნდა აღინიშნოს აკაკი ფიფიას შედეგიანობა, რომელიც საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მოთამაშეა და გადამწყვეტ მომენტებში თავიც გამოუჩენია.
ფიფიამ გუშინდელ მატჩში 6 სამქულიანი და 25 ქულა ჩაუგდო სლოვენიას, რითაც ქართველების გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ბელგიასთან მატჩის ბომბარდირი 17 ქულით გოგა ბითაძე გახდა, თუმცა ფიფიამ 14 ქულით კიდევ ერთხელ გამოიჩინა სტაბილურობა. შედეგიანი იყო ზაურ ჯანელიძეც, რომელმაც 8 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.
მაშ ასე, 16-წლამდელებმა მე-5 ადგილის დაკავებით საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. 16-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში 9-დან 6 შეხვედრა მოიგო. 
ევროპის U16 ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. სოფია, ბულგარეთი. 15 აგვისტო
სლოვენია 64:71 საქართველო11-12, 16-10, 20-8, 13-13