გალერეათბილისის მერიის ტურნირი საქართველოს ეროვნული ნაკრების იოლი გამარჯვებით დაიწყო. გახსნის მატჩში იგორ კოკოშკოვის გუნდმა ესტონეთი 90:55 გაანადგურა. ბალტიისპირულმა გუნდმა ქართველებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ტურნირი უღიმღამო მარცხით დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ამხანაგური იყო, განაცხადში თითოეულ გუნდს 12 მოთამაშე ჰყავდა. საქართველოს ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდნენ ტრავმირებული თორნიკე შენგელია, ბექა წივწივაძე და გიორგი შარაბიძე. ვინც განაცხადში იყო, ყველამ შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვებაში საკუთარი წილი დაიდო.
ამ მატჩის მთავარი მონაპოვარი არა 35-ქულიანი გამარჯვება, არამედ ის სათამაშო პრაქტიკა იყო, რომელიც საქართველოს ნაკრებმა მიიღო. იგორ კოკოშკოვს ნაკრების ლიდერების შესაძლებლობების საქმეში ნახვის საშუალება ჰქონდა, ასევე მწვრთნელმა ის მომენტები დაინახა, რაზეც ევროპის ჩემპიონატამდე მართებს მუშაობა.
ესტონელებმა ქართველებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწიეს, რომელიც ქართველებმა 17:12 მოიგეს. მეორე ათწუთეულიდან კოკოშკოვის გუნდმა ყველა სათამაშო კომპონენტში დაალაგა თამაში და კომბინაციური, სწრაფი თამაშის წყალობით ლიდერობას გამუდმებით ზრდიდა. მატჩის ბედი ფაქტობრივად მესამე პერიოდში გადაწყდა, როცა ქართველების ლიდერობამ 25 ქულას მიაღწია.
საქართველოს ნაკრებში ერთბაშად 7-მა კალათბურთელმა მიაღწია ათქულიან ზღვარს. ბომბარდირი 16 ქულით გუნდის კაპიტანი ზაზა ფაჩულია გახდა. 13-13 ქულით გამოირჩნენ ბექა ბურჯანაძე და გიორგი ცინცაძე, ხოლო მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი ვიქტორ სანიკიძემ შეასრულა – 10 ქულა, 11 მოხსნა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ტურნირის მორიგ მატჩს 15 აგვისტოს, ლატვიის წინააღმდეგ გამართავს. პირველი ტურის მეორე მატჩში ერთმანეთს იტალია და ლატვია შეხვდებიან.
ზაზა ფაჩულია:
– საწყისი რამდენიმე წუთი ცუდად დავიწყეთ, რაც ალბათ ნევიულობის ბრალია, თუმცა მალევე მოვახერხეთ თამაშის დალაგება და სოლიდურადაც დავწინაურდით. დავუშვით რამდენიმე შეცდომა, მაგრამ ვფიქრობ, ამ შეცდმების გამოსწორებას უახლოეს მომავალში შევძლებთ. საბოლოო ჯამში ძალიან კარგი თამაში გამოგვივიდა და იმედი მაქვს, მომავალ შეხვედრებშიც შევძლებთ წარმატებების მიღწევას. ეს არ გახლავთ ნაკრების მაქსიმუმი, დასახვეწი და გამოსასწორებელი ბევრი გვაქვს და მალე ნაკრები მზადების მომდევნო ეტაპზე გადავა.
მანუჩარ მარკოიშვილი:
– შეამჩნევდით, რომ ჩვენს გუნდს აკლია თორნიკე შენგელია. იგი მალე გამოჯანმრთელდება და ეჭვიც არ მეპარება, რომ სლოვენიაში გუნდს კარგ ფორმაში მყოფი შეუერთდება. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, დიდი სხვაობით გავიმარჯვეთ, მაგრამ ევრობასკეტზე უკეთესად უნდა ვითამაშოთ, რათა ჯგუფიდან გავიდეთ. ესტონეთს არ ჰყავს იმდენად ძლიერი გუნდი, რომ მათ წინააღმდეგ ჩატარებული მატჩიდან გამოდინარე ვიმსჯელოთ ჩვენი ნაკრების ფორმაზე. ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად ჯანმრთელად და კარგ ფორმაში მყოფნი შევხვდეთ ევროპის ტურნის. ამისათვის გვაქვს 20 დღე და ვფიქრო, ჩვენ ამას მოვახერხებთ.