საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა ამერიკაში ჩილეც გაანადგურა

საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა ამერიკაში ჩილეც გაანადგურა

მეორე მატჩი და მეორე გამარჯვება. ქართველი ვეტერანები ამერიკაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებენ. ვენესუელას 96:48 განადგურების შემდეგ ჩვენი ვეტერანების მორიგი მსხვერპლი ჩილე გახდა. საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა სამხრეთამერიკული ქვეყნის მეორე წარმომადგენელი 85:52 განადგურა. 
ამერიკის ქალაქ ორლანდოში მიმდინარე ვეტერანთა ტურნირი მასშტაბურია და როგორც კაცებში, ისე ქალებში კატეგორიების მიხედვით იმართება. ჩვენი ნაკრები 50-წლამდელებში ასპარეზობს, სადაც 32 მონაწილეა. შექმნილია 7 ოთხგუნდიანი და 1 სამგუნდიანი ჯგუფი, რომლებიდანაც პლეი ოფში მხოლოდ გამარჯვებულები გადიან.
გათამაშების ფორმატის თანახმად, საქართველო, რომელიც D ჯგუფშია, ჯგუფიდან გასვლა რომ მოახერხოს, C ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდება, სადაც სლოვენიის, სერბეთის, კოსტა რიკის „ბ“ და იტალიის „ბ“ გუნდები ასპარეზობენ.  
საქართველოს ნაკრებს მთავარი ბრძოლა შემდეგ მატჩში ელის, რომელშიც ჩეხეთს ხვდებიან. ქართველების მსგავსად ჩეხებმაც ორივე მატჩი მოიგეს – ჩილე 65:51 დაამარცხეს, ხოლო ვენესუელას 82:46 სძლიეს.