სასკი ბასკონიას საწვრთნელი კემპი საქართველოში გრძელდება

სასკი ბასკონიას საწვრთნელი კემპი საქართველოში გრძელდება

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და ესპანურ კორპორაცია „სასკი ბასკონიას“ შარშან დაწყებული თანამშრომლობა გრძელდება. ეს კორპორაცია რამდენიმე კლუბის მფლობელია, რომელთა შორისაც წლევანდელი ევროლიგის ოთხთა ფინალის წევრი „ლაბორალ კუჩაა“.
სწორედ ამ კლუბის საწვრთნელი კემპი იმართება თბილისში. შარშანდელის მსგავსად, კემპის ჩასატარებლად თბილისში ესპანელი მწვრთნელები ჩამოვიდნენ და ვერის ბაღში 55 პერსპექტიულ მოზარდს ვარჯიშებს უტარებენ.
კემპისთვის 2001-2005 წლებში დაბადებული კალათბურთელები შეირჩნენ. სელექცია ასაკობრივი ნაკრებების უცხოელმა კოორდინატორებმა – მილოშ გლიგორიევიჩმა და ტიჰომირ ბუჯანმა მოახდინეს. ეს სპეციალისტები გასულ ციკლში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობდნენ და ფედერაციამ მათ საქართველოში ჩამოსვლა და ასაკობრივი ნაკრებებისთვის ტალანტების მოძიება, მათი კოორდინაცია და სამწვრთნელო პროცესების მონიტორინგი შესთავაზა.
შერჩეული ქართველი მოზარდები ხუთდღიან კემპში მიიღებენ მონაწილეობას და ესპანელი მწვრთნელები მათგან 16 საუკეთესოს შეარჩევენ, რომლებსაც ესპანეთში, ქალაქ ვიტორიაში ივლისის თვეში დაგეგმილ „ლაბორალ კუჩას“ კემპზე წაიყვანენ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შერჩეულ პერსპექტიულ ახალგაზრდებთან ერთად გენერალურ კემპს ჩაუტარებენ. სწორედ ამ კემპის შემდეგ შეირჩევა ის კონტიგებტი, ორმლებიც ესპანეთში დარჩებიან და ან „ლაბორალ კუჩაში“, ან ამ კლუბთან დაახლოებულ სხვა კლუბებში გააგრძელებენ ვარჯიშს.
შეგახსენებთ, რომ „ლაბორალ კუჩაში“ ასპარეზობს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი თორნიკე შენგელია. ვიტორიელთა ახალგაზრდულ გუნდშია ლუკა ბულაშვილი, ხოლო სხვა კლუბებში ლაბორალელებმა ნიკა დარბაიძე და გიორგი ტურძილაძე გაანათხოვრეს.
ლაბორალ კუჩას კემპი 28 მაისამდე გასტანს, რის შემდეგაც ესპანეთში წამსვლელი 16 ახალგაზრდის ვინაობა გაირკვევა. 
 

გიორგი ქართველიშვილი (საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი): ჩვენი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უკვე მეორე წელია მიმდინარეობს ეს სასწავლო კემპი, რომელიც ტექნიკურ თანამშრომლობას გულისხმობს. წელს 55 ბავშვი მონაწილეობს შეკრებაში. შეიძლება კიდევ დაემატოს, რადგან როტაცია მიმდინარეობს. ჩვენმა პარტნიორმა ბასკებმა უკვე შეისწავლეს ქართული კალათბურთის მომავალი, ნერგავენ იმ მეთოდოლოგიას, თუ როგორ შეიძლება განვავითაროთ ბავშვთა კალათბურთი. ამავდროულად გვიწევენ რეკომენდაციებს ცალკეული ბავშვებისათვის ინდივიდუალური მიდგომისათვის, თუ რა არის საჭირო. ეს ყველაფერი იმის საშუალებას მოგვცემს, რომ მომავალ რამდენიმე წელიწადში ეს ბავშვები იყვნენ ღირსეული ცვლა დღევანდელი ეროვნული ნაკრებისა. რამოდენიმე ბავშვს წელსაც წაიყვანენ, რომ იქ ავარჯიშონ, აგრეთვე ასწავლონ, რადგან ჩვენი პარტნიორები დიდ ყურადღებას უთმობენ სწავლას. ეს თანამშრომლობა მხოლოდ და მხოლოდ დაფუძნებული იყო სიახლის შემოტანაზე, რადგან ეს კლუბი თვითონ წარმოადგენს ევროპული კალათბურთის ერთერთ წამყვან კლუბს, როგორც სპორტული შედეგებით, ისევე სტრუქტურულად და აგრეთვე, ბავშვთა კალათბურთში. ჩვენი მიზანი იყო, მათი გამოცდილება გაგვეზიარებინა ქართველი კალათბურთელებისათვის. ეს მინდა რომ სამომავლოდ იყოს ერთერთი ხიდი ჩვენი ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის, რადგან მათ მიაღწიონ უდიდეს წარმატებას. ქართულ კალათბურთში ამ პროექტით მოხდა გარღვევა, რადგან რაღაც ახალი, მასშტაბური და პროგრესული უნდა გაკეთებულიყო. ამ კუთხით “სასკი ბასკონიასთან” თანამშრომოლობა საამაყოა”.
ხესუს ვასკესი, (სასკი ბასკონიას გენერალური დირექტორი): საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობას წარმატებულად ვაგრძელებთ. ეს სოლიდური და ძალიან სასარგებლო პროექტია ორივე მხარისთვის, განსაკუთრებით კი ქართული კალათბურთის მომავლისთვის. ამ ბავშვებში ვხედავ ანთებულ თვალებს, ყველა ძალიან მოწადინებული და მოტივირებულია. ჩვენი მწვრთნელები ყველას ეხმარებიან იმაში, რომ საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინონ და წარმატების შემთხვევაში ესპანეთში ზაფხულში დაგეგმილ კემპში მიიღონ მონაწილეობა, სადაც წარმატებული ახალგაზრდები უკვე „ლაბორალ კუჩაში“ დარჩებიან“. გარდა ამ კემპისა, ჩვენი და კალათბურთის ფედერაციის თანამშრომლობა სხვა სფეროებსაც მოიცავს, რაც ვარჯიშების დაგეგმარებასა და თანამედროვე საკალათბურთო მეთოდების დანერგვაში გამოიხატება. 
ბორხა კომენჯი, (სასკი ბასკონიას ტექნიკური დირექტორი): წელს უფრო სპეციფიკურ საკითხებზე ვმუშაობთ, რადგან შარშანდელთან შედარებით, წელს უფრო ცხადია ყველაფერი და  ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ პირდაპირ მოცემულობაზე. შარშან უფრო მეტი მონაწილე გვყავდა, წელს უფრო ნაკლები 55 მონაწილე გვყავს და სწორედ ეს გვაძლევს ამის საშუალებას. წინა წლის შერჩევამ გვანახა, თუ რომელ მოთამაშეს რა კუთხით უნდა მივუდგეთ. ამიტომ წელს უფრო ახალგაზრდა მოთამაშეები შევარჩიეთ, ვიდრე შარშან, რომ უფრო მეტად განვავითაროთ, დავხვეწოთ და აღვზარდოთ მომავალი კალათბურთელები.  მწვრთნელებს რაც შეეხება, უფრო მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოებით ვუდგებით. ვმუშობთ იმისათვის, რომ აღვზარდოთ უკეთესი და უკეთესი მოთამაშეები საქართველოს ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებებისთვის. 
ალექსანდრე ჯაფარიძე (კემპის მონაწილე მწვრთნელი): ბრწყინვალე იდეაა, რომლის განხორციელებაც შარშან დაიწყო. წელსაც 16 ბავშვის შერჩევა მოხდება. კემპის მონაწილე 55 ბავშვი კი ასაკობრივი ნაკრებების კურატორებმა შეარჩიეს. ეს არ იყო ნაკრებისთვის შერჩევა, ეს იყო კონკრეტულად ამ კემპის შერჩევა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს საუკეთესო ბავშვებმა. შეირჩევიან როგორც მანამდე ვახსენე ბავშვები ლაბორალ კუჩას კემპისათვის და იქ წარმატებულად დასრულების შემთხვევაში ექნებათ საშუალება, განაგრძონ სწავლა და ვარჯიში ევროპის ერთერთ საუკეთესო კლუბში. მე ყველას წარმატებას ვუსურვებ