შედეგები
გალერეა
თბილისის ახალი სპორტის სასახლემ დღეს საკალათბურთო
„ა“ ლიგის 2 მატჩს უმასპინძლა. პირველ მატჩში ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
გუნდი და „წყალტუბო“ შეხვდნენ. სტუდენტებს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 მოგება ჰქონდათ,
ხოლო იმერული გუნდი 4-დან 2 გამარჯვებით მე-3 ადგილზე გახლდათ. თსუ-ს ძლევა წყალტუბოელებს
დიდად არ გასჭირვებიათ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილი სტუდენტები
წარმატების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ.
საბოლოოდ „წყალტუბომ“ 7 ქულით – 57:50 იმარჯვა. წყალტუბოელთაგან
ორმაგი დუბლით (10 ქულა, 10 მოხსნა) უკრაინელი ალექსანდრ რიხლიუკი გამოირჩა. 13 ქულა
და 8 მოხსნა ჰქონდა ზურა კორკოტაძეს, მეორე უკრაინელმა ლეგიონერმა სერჰი ალფიოროვმა
კი 12 ქულა მიითვალა. თსუ-ში 22 ქულით საუკეთესო იყო დავით დეკანოიძე.
მეორე შეხვედრა უფრო დაძაბული გამოდგა. ერთმანეთს საქართველოს
ეროვნული უნივერსიტეტს გუნდი (სეუ) და „ვინგსი“
შეხვდნენ. ამ უკანასკნელს მიმდინარე სეზონში გამარჯვება ჯერ არ მოუპოვებია და დღევანდელ
შეხვედრაში მაქსიმალურად მოინდომა.
პირველი მეოთხედი „ვინგსმა“ 12:4 მოიგო, ხოლო მეორე
პერიოდის დასაწყისში უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა – 18:7. სეუ-ს მწვრთნელმა, ლაშა
ეძგვერაძემ წუთშესვენება აიღო და მოთამაშეებს დავალებები მისცა, რაც გუნდის წევრებმა
შეასრულეს და ანგარიშიც შეამცირეს.
მესამე მეოთხედის შუაწელიდან თანაბარი თამაში წავიდა.
ხან ერთი გუნდი გავიდოდა წინ, ხან – მეორე. ყველაფერი ბოლო წუთებზე, სტუდენტური გუნდის
სასარგებლოდ გადაწყდა. არჩილ პულუზაშვილის, ზუკა ბადრიძის და ტატო ჩაჩიბაიას შედეგიანობით
სეუ-მ გამარჯვების მოპოვება შეძლო და ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ „წყალტუბოს“ ქულებით
გაუთანაბრდა. პირად შეხვედრებში კი სტუდენტები იმერულ გუნდს სჯობნიან.
გამარჯვებულებს 21 ქულით, 15 მოხსნითა და 3 დაფარებით
არჩილ პულუზაშვილმა ულიდერა. ორმაგი დუბლი მიითვალა ჩაჩიბაიამაც, რომელმაც 14 ქულა
და 10 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ბადრიძის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა.
მომდევნო ტურის 2 მატჩი 23 თებერვალს,
თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.
თსუ – წყალტუბო 50:57
ვინგზი – სეუ 60:66