სმიტის 42 ქულა და თელაველთა იოლი გამარჯვება “თბილისთან”

სმიტის 42 ქულა და თელაველთა იოლი გამარჯვება “თბილისთან”

საკალათბურთო “ა” ლიგა იანვარში დაიწყება, მანამდე კი გასარკვევია თუ რომელი გუნდი მოიპოვებს ამ ტურნირის ვაკანტურ მე-6 საგზურს. “ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში ერთმანეთს 2 გუნდი ეცილება, რომლებიც 2 მატჩის ჯამში გაარკვევენ საგზურის მფლობელს. საკალათბურთო კლუბი ‘”თბილისი” “ა” ლიგის გასული სეზონის მონაწილეა, თუმცა ბოლო ადგილზე გავიდა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საკვალიფიკაციო ეტაპში ასპარეზობა უწევს. წლეულს “ა” ლიგაში შემოსვლის კანდიდატი ერთი გუნდია – თელავის “ბურჯი 2018”, რომელიც “თბილისს” ხვდება და 2 მატჩის ჯამში რომელიც მოიგებს, ლიგის მე-6 საგზურიც მისი იქნება.

საკვალიფიკაციო სერიის პირველ მატჩს დღეს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. თელავურმა გუნდმა მეტოქე 37-ქულიანი სხვაობით – 111:74 (სტატისტიკა) დაამარცხა და “ა” ლიგაში შესასვლელად უდიდესი ნაბიჯი გადადგა. მეორე მატჩი, რომელიც 29 დეკემბერს გაიმართება, “ბურჯი 2018”-მა 38 ქულით არ უნდა წააგოს და საწადელს მიაღწევს. თელაველების წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ამერიკელ გამთამაშებელს, კენდარიუს სმიტს, რომელმაც მხოლოდ პირველ პერიოდში 23 ქულა ჩააგდო და თავის გუნდს 10-წუთეული 35:8 მოაგებინა.

მთლიანობაში სმიტმა 42 ქულა, 8 მოხსნა, 8 ჩაჭრა და 4 პასი მიითვალა. მას კარგად აუბა მხარი თელაველთა მეორე ამერიკელმა ლეგიონერებმა, კარლინ დუპრემ, რომელმაც 22 ქულა, 10 პასი და 8 მოხსნა მიითვალა. 13 ქულა ჩააგდო ლაშა დაღელიშვილმა, ხოლო ამერიკელმა ჯეიმს ედმონდმა და სერბმა მილოშ ჩაბარკაპამ შეხვედრა 11-11 ქულით დაასრულეს. “თბილისის” შემადგენლობაში 31 ქულით გამოირჩა ჰავიერ ნიუსონი, ხოლო 20 ქულა მეორე ლეგიონერმა, კერონ ბილინჯერმა მიითვალა.

თელავის “ბურჯს” მცირედი აკლია, “ა” ლიგის საგზური რომ მოიპოვოს. საბოლოოდ ყველაფერი 29 დეკემბერს გაირკვევა. სერიის მეორე შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში – 14:30 საათზე გაიმართება.