სოხუმი-საქართველომ ვსა 15 ქულით დაამარცხა და ფინალური სერია გაათანაბრა

სოხუმი-საქართველომ ვსა 15 ქულით დაამარცხა და ფინალური სერია გაათანაბრა

გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა “სოხუმი-საქართველომ” “ა” ლიგის ფინალური სერიის მე-2 მატჩი დამაჯერებლად – 90:75 (სტატისტიკა) დაამარცხა ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი და საერთო ანგარიში გაათანაბრა. ორივე გუნდს თითო გამარჯვება აქვს მოპოვებული და საბოლოო გამარჯვებამდე ორივეს 2 გამარჯვება აშორებს. 

გამარჯვებულისთვის სოლიდური საჩუქარია სუპერლიგის მომავალი სეზონის საგზურის სახით და, რა თქმა უნდა, ფინალის მომგებს “ა” ლიგის ჩემპიონის ტიტულიც ელოდება. ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რომელი მათგანი გაიმარჯვებს, წინ დიდი ბრძოლებია მოსალოდნელი, რის საფუძველსაც ფინალურ სერიაში ჩატარებული მატჩები იძლევა.

მართალია, სოხუმი-საქართველომ 15 ქულის სხვაობით იმარჯვა, თუმცა მომავალ მატჩში ვსა-ს ძირითადი ლიდერი დაუბრუნდება, რომელიც დღევანდელ მატჩში წინა შეხვედრაში მიღებული დისკვალიფიკაციის გამო აკლდა. ჯერმეინ ჰედი სერიის პირველ მატჩში ოპონენტ პიჯეი ბერდს ეუხეშა, რის გამოც მოედნიდან დისკვალიფიკაციით გააგდეს და დებულების თანახმად, მომდევნო, ანუ დღევანდელი მატჩი გამოტოვა.

ჰედის არყოფნაში ვსა-ს დიდად გაუჭირდა.სოხუმი-საქართველომ არა მხოლოდ უკანა ხაზში, ყველა სათამაშო რგოლში აჯობა მეტოქეს და ლიდერობა პირველივე წუთზე რომ მოიპოვა, თამაშის ბოლომდე არ დაუთმია. ვსა-ს ცდილობდა ვითარების გამოსწორებას, მაგრამ ფარქვეშ ვერას გახდნენ, პერიმეტრიდან კი პერიოდულად სამქულიანების ჩაგდებამ საქმეს არ უშველა. სოხუმი-საქართველო ზედმეტი გართულებების გარეშე მივიდა ნანატრ გამარჯვებამდე, რაშიც ლომის წილი დეშონ პარკერს და მის თანაგუნდელ-თანამემამულეს – პიჯეი ბერდს უდევს. პარკერმა 18 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, ბერდის ანგარიშზე კი 23 ქულა და 6 პასი დაგროვდა. ვსა-ში 19 ქულით საუკეთესო იყო საშა ვუკსანოვიჩი, 15 ქულა ლევან რევაზაშვილმა მოაგროვა.

ფინალური სერიის მე-3 მატჩი თბილისი არენაზე, 6 აპრილს, 16:30 საათზე გაიმართება.