სუპერლიგის ოლ სტარის ხმის მიცემა დაიწყო

სუპერლიგის ოლ სტარის ხმის მიცემა დაიწყო

23 იანვარს ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია გაიმართება, რომელშიც საკალათბურთო სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშეები მიიღებენ მონაწილეობას. ტრადიციულად, მონაწილე გუნდების სასტარტო ხუთეულები გამოკითხვის შედეგად შეირჩევა. მეტოქეები რეგიონალური პრინციპით შეირჩევა – ერთმანეთს თბილისისა და რეგიონის წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპიდებიან.

ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია მხოლოდ სპორტული ღონისძიება არ გახლავთ და მას ყოველთვის  ახლავს შოუს ელემენტები. 2016 წლის ოლ სტარში სუპერლიგის საუკეთესო კალათბურთელების გვერდით იქნება ცნობილი ქართველი არტისტი ბერა, რომელიც აუდიტორიის წინაშე თავისი ჰიტებით წარსდგება.
ბერა ქართული კალათბურთის დიდი ქომაგია და სპორტის ამ სახეობის მხარდაჭერის გამოხატულებაა ის აქტიური კამპანია, რომელსაც ის ნბა-ს ოლ სტარში ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერად აწარმოებს. ბერას მიერ ნაკრების კაპიტნის თანადგომამ ფართო მასები მოიცვა, რის შემდეგაც სუპერლიგის ოლ სტარის ორგანიზატორებმა ქართველი მომღერალი თავის ღონისძიებაზე მიიწვიეს, რასაც ბერა სიამოვნებით დათანხმდა. საკუთარ ფანების მრავალრიცხოვან არმიას, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდია, ბერა ქართული კალათბურთის მხარდასაჭერისკენ 23 იანვარს, სუპერლიგის ოლ სტარზეც მოუწოდებს.

სუპერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოკითხვა 12 იანვარს დაიწყება და 10 დღის განმავლობაში ნებისმიერ გულშემატკივარს შეეძლება მისთვის სასურველი კალათბურთელებისთვის ხმის მიცემა. გამოკითხვა 22 იანვარს, 12:00 საათზე დასრულდება. გუნდების სასტარტო ხუთეულები გულშემატკივრების მიერ შეირჩევა – 2 უკანახაზელი, 2 ფორვარდი და 1 ცენტრი თითოეული გუნდიდან. ოლ სტარის მონაწილე გუნდების დარჩენილ 7-7 სათადარიგო კალათბურთელს კი მწვრთნელები შეარჩევენ.

„რეგიონის“ მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში იქნება, ხოლო „თბილისს“ დავით უსტიაშვილი უხელმძღვანელებს. ოლ სტარში მწვრთნელები  სუპერლიგის ცხრილის საწყისი 2 წრის შემდეგ პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდებიდან – „ბათუმიდან“ და „ქუთაისიდან“ შეირჩნენ.

ყველა ვარსკვლავის მატჩთან ერთად თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ოლ სტარის თანმდევი კონკურსები გაიმართება სამქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში – ჩატენვებში. სნაიპერთა კონკურსში მონაწილეობას სუპერლიგის სამქულიანების მსროლელი საუკეთესო 6 კალათბურთელი და გასული ოლ სტარის ანალოგიური კონკურსის გამარჯვებული აკაკი ლომოური მიიღებს. ჩატენვების კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

3-ქულიანების კონკურსი