სუპერლიგის საგზურისთვის “ა” ლიგის ფინალში ვსა და სოხუმი-საქართველო შეხვდებიან

სუპერლიგის საგზურისთვის “ა” ლიგის ფინალში ვსა და სოხუმი-საქართველო შეხვდებიან

“ა” ლიგის ფინალისტები ცნობილნი არიან. სუპერლიგის საგზურისთვის ფინალში ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი “სოხუმი-საქართველოს” დაუპირისპირდება. ამ გუნდებმა დღეს ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩები მოიგეს და საჩემპიონო სერიის საგზურები მოიპოვეს. დიახ, “ა” ლიგის გამარჯვებული უპირველესად ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს და პრიზად საკმაოდ სოლიდური საჩუქარი – სუპერლიგის საგზური გადაეცემა. 

პირველად ფინალში ვსა გავიდა, რადგან მისი მატჩი შედარებით ადრე ჩატარდა. “ვერამ” სერიის პირველი მატჩი 19 ქულით წააგო და ცხადია, არც მეორეში ჰქონდა სერიოზული ამბიცია. მით უფრო, რომ გუნდს რამდენიმე მოთამაშე აკლდა – მათ შორის ამერიკელი ლეგიონერი კრისიტიან სტიუარდი. მატჩი ვსა-ს უპირატესობით დაიწყო და ასევე დამთავრდა. სერბი სპეციალისტის, ბორის პეტეს გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და საბოლოოდ სარეკორდოდ ბევრი ქულა ჩააგდო. ვსა-მ 130:90 (სტატისტიკა) დაამარცხა ვერა და გეგმას, რასაც სუპერლიგაში გადასვლა ჰქვია, წარმატებით მიჰყვება.

სუპერლიგაში გადასვლის გეგმა და ამბიცია აქვს “სოხუმი-საქართველოსაც” გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა კახურ “ბურჯს” 4 დღის წინ თბილისში სძლია, ახლა კი თელავშიც იძალა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა. კახურმა გუნდმა იოლად არაფერი დათმო, ბოლომდე იბრძოლა და წარმატების შანსსაც ინარჩუნებდა, მაგრამ საბოლოოდ წარმატების მისაღწევად ძალები არ ეყო.

სოხუმი-საქართველომ საბოლოოდ 75:68 (სტატისტიკა) იმარჯვა, რაც გუნდური თამაშის დამსახურებაა. ხუთმა მოთამაშემ მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან ყველაზე მეტი – 20 ქულა და 7 მოხსნა ალეკსანდარ ანდრეიევიჩმა მიითვალა. 12-12 ქულა სამმა მოთამაშემ – ნიკა ლეონიძემ, პი ჯეი ბერდმა და მამუკა ბაზუაშვილმა მიითვალეს. ამ უკანასკნელმა 14 მოხსნაც მიითვალა და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

ფინალური სერია სტარტს პირველ აპრილს აიღებს. თამაშები 1, 3 და 6 აპრილს გაიმართება. სერია 3 გამარჯვებამდეა და თუ საჭირო გახდა, მე-4 და მე-5 მატჩები შესაბამისად 8 და 11 აპრილს ჩატარდება.