თამაზ ოქრუაშვილის სახელობის ტურნირს ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზი უმასპინძლებს

თამაზ ოქრუაშვილის სახელობის ტურნირს ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზი უმასპინძლებს

5-6 დეკემბერს ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზი ცნობილი ქართველი მწვრთნელის, თამაზ ოქრუაშვილის სახელობის ტურნირს უმასპინძლებს. შეჯიბრი მთაწმინდის რაიონის გამგეობისა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობას 6 გუნდი მიიღებს, რომლებიც 2000-01 წლებში დაბადებული მოზარდებისგან იქნებიან დაკომპლექტებულნი.
გათამაშების ფორმატის თანახმად, ტურნირში მონაწილე გუნდები 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი. პირველში თავი „აკადემიამ“, „ჰიუნდაი 2“-მა და „მართვემ“ მოიყარეს, ხოლო მეორე ჯგუფი „არმიამ“, „ჰიუნდაიმ“ და „ორბმა“ შეადგინეს.
ჯგუფურ ეტაპზე გუნდები ერთ წრედ ითამაშებენ, რის შემდეგაც პირველ ადგილზე გასული გუნდები ფინალში გავლენ, ხოლო მეორეადგილოსნები ერთმანეთს მე-3 ადგილისთვის მატჩში დაუპირისპირდებიან. გუნდურთან ერთად ტურნირზე დაწესებულია ინდივიდუალური პრიზებიც, რომლებიც გამორჩეულ მოთამაშეებს გადაეცემათ.
შეგახსენებთ, რომ თამაზ ოქრუაშვილი გახლავთ არაერთი თაობის აღმზრდელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, რომელიც 2014 წლის დეკემბერში გარდაიცვალა.